პოლიტიკა
სააკაშვილმა კანონპროექტებს ვეტო დაადო

1-vetoსაქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრო ბარნოვის განცხადებით, რომელიც მან გუშინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს ვეტო დაადო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანონპროექტზე ვეტოს დადებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ პარლამენტმა უგულებელყო ვენეციის კომისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია, რომლის თანახმად იუსტიციის საბჭოების მნიშვნელოვანი ფუნქცია გახლავთ მოსამართლეთა დაცვა პოლიტიკური ზეგავლენისაგან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საბჭოს ყველა წევრის ვადამდელი გათავისუფლება შექმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ახალ მთავრობას თუ ახალ პარლამენტს, რომელიც მხარს არ უჭერს საბჭოს შემადგენლობას და წევრებს, შეეძლება მისი ვადამდელი დათხოვნა და ახალი საბჭოთი ჩანაცვლება.

"ის, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ნამდვილად არ არის გაზიარებული, პრემიერ-მინისტრს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს ევროპოს საბჭოს წინაშე გამოსვლისა", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

რაც შეეხება ბრალდებულისთვის უფლების შეზღუდვას, თავად აირჩიოს მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს მიერ თუ მის გარეშე განხილვა, ადმინისტრაციის განცხადებით, არსებული კანონპროექტის მიხედვით, ბრალდებულის ნაცვლად ამ გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებს.

ანდრო ბარნოვის განცხადებით, კანონპროექტები, რომლებსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, შემდგომი განხილვისთვის საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ რამდენიმე კანონპროექტზე ვეტოს დადების ფაქტს და განაცხადა, რომ „ვეტოს დადება, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ პარლამენტი მას აუცილებლად დაძლევს“.

„ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ყველასგან განსხვავებით, ვერ გაიაზრა, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმ სასამართლო რეფორმას რომლის პირველი ნაბიჯიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა“, - აღნიშნა წულუკიანმა.