აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი: „პოლიტიკა არ უნდა იყოს დაკავშირებული პიროვნებების სიყვარულთან, მთავრობის მეთაურს პირველ რიგში თავისი ქვეყანა უნდა უყვარდეს!“

1-BZ-3საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. დღეს, თბილისის დროით 14 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით  გამოვიდა, რომელშიც მოკლედ ჩამოაყალიბა საქართველოს ახალი მთავრობის მთავარი მიმართულებები და ამოცანები ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში.

ამის შემდეგ სხვადასხვა დელეგაციის წევრებმა პრემიერს უამრავი შეკითხვა დაუსვეს. საქინფორმი გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს და მათზე ბიძინა ივანიშვილის პასუხებს.

კითხვა: თქვენ არ გიყვართ თქვენი პრეზიდენტი სააკაშვილი და გიყვართ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. ფიქრობთ თუ არა, რომ პუტინი არის პასუხისმგებელი ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც 2008 წელს მოხდა, რა არის თქვენი გეგმები საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და განსხვავდება თუ არა ისინი სააკაშვილის ხედვისგან?

ბიძინა: პოლიტიკა არ უნდა იყოს დაკავშირებული პიროვნებების სიყვარულთან, მთავრობის მეთაურს პირველ რიგში საკუთარი ქვეყანა უნდა უყვარდეს და მაქსიმიმალურად ცდილობდეს, რომ ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი ერქვას. რაც შეეხება სააკაშვილის მცდელობას, მას აქვს თავისი წილი შეცდომები რუსეთთან ურთიერთობაში. რომ არა სააკაშვილის დიდი შეცდომები, რუსეთს ძალიან გაუჭირდებოდა ასეთი დიდი აგრესიის განხორციელება.

რაც შეეხება თქვენს რიტორიკას, მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ვიყო ძალიან კორექტული. თქვენ ახლა ახსენებთ სააკაშვილს და გნებავთ, რომ პოლემიკაში გამოგყვეთ, მე ამის არანაირი სურვილი არ გამაჩნია, რამეთუ მსგავსი რიტორიკით და პოლემიკით სააკაშვილმა მიიღო ის, რაც მივიღეთ ჩვენ და ჩვენმა ქვეყანამ... დღეს გვაქვს მცდელობა, მაქსიმალურად მოვახერხოთ და გამოვასწოროთ ის დიდი შეცდომები, რაც იყო დაშვებული.