პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე: "ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოს შეცდომების დაშვების ლიმიტი ამოწურული აქვს!”
1-analitika-kirvaliZeსაქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. რუსულ პოლიტიკურ წრეებში უკვე საუბრობენ იმ საშიშროებაზე, რაც რუსეთის ინტერესებს ემუქრება სამხრეთ კავკასიაში, იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთი "მართლა დამოუკიდებელი" გახდა (დასავლეთის მიერ, აფხაზეთის "დამოუკიდებლობის აღიარება"!) და საქართველოს არ დაუბრუნდა. მაგრამ, რუსები ჭირვეულობენ, შეცდომის აღიარება არ უნდათ, რომ იჩქარეს საქართველოს რეგიონების "დამოუკიდებლობის ცნობა"... არადა ხედავენ, რომ აშკარად იკვეთება აფხაზურ საზოგადოებაში სიმპათიები როგორც თურქეთის და იქ არსებული აფხაზური დიასპორის (ანტირუსულის!) მიმართ, ასევე ლტოლვა დასავლეთისაკენ, რაც დიდ შეშფოთებას იწვევს რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. დიახ, ამიტომ რუსები "მთლად არხეინად ვერ არიან"! საქართველოსთვის აფხაზეთის დაკარგვა (ყველაზე ცუდი ვარიანტი), სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთი რუსეთს "ჩაუვარდება ხელში" გარანტირებულად! არ არის ეს, ასე! რუსები "გვიან მიხვდებიან" ბევრ რამეს, მაგრამ ჩვენთვის ეგ ვერაფერი ნუგეშია! საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელ ამ ვერსიას რომ მივყვეთ, ცხადი ხდება, რომ, თუ აფხაზეთის "დამოუკიდებლობას აღიარებს" დასავლეთი (ჰიპოტეტურად) და თურქეთი, მაშინათვე რუსეთის გავლენა აფხაზეთში განახევრდება და კატასტროფული ტემპით ნულოვანი ნიშნულისკენ წავა. რუსეთი ვერ გაუძლებს ეკონომიკურად, თურქეთთან და მითუმეტეს დასავლეთთან კონკურენციას. აფხაზეთში, რუსულ რუბლს "ჩაანაცვლებს" თურქული ლირა და აშშ დოლარი. "ჭკვიანი" რუსები ამას ხვდებიან, იმასაც, რომ აჩქარდნენ ჩვენი მხარეების 'დამოუკიდებლობა" რომ "აღიარეს", მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ "სალდაფონი" რუსები (კრემლში არიან, "ასეთებიც და ისეთებიც"), რომელთა არსებობაც უნდა გვახსოვდეს ქართველებს, რათა შევძლოთ მათი განეიტრალება... ამერიკელების მთავარი ინტერესი საქართველოს გამთლიანება რომ ყოფილოყო, მაშინ ამ გაუწონასწორებელ სააკაშვილს არ დაგვაჯენდნენ თავზე მთელი ეს წლები, მაგრამ მეორეც არის, რომ არა დასავლეთის ფაქტორი (უწინარესად აშშ-ს), ეს "სალდაფონი" რუსები სუვერენიტეტსა და თავისუფლებას თავზე დაგვამხობდნენ!.. რა თქმა უნდა, პუტინი "თავის გადაფურთხებულს არ და ვერ ალოკავს" (საქართველოს რეგიონების "აღიარებების" უკან წაღება), ყველაზე მეტი, რაც მას შეუძლია ამ ეტაპზე გააკეთოს, არის ის, რომ "ხელი არ შეუშალოს" აფხაზების, ოსების და ქართველების შერიგების პროცესის დაწყებას!.. მაგრამ, რუსეთი, პუტინი ყველა შემთხვევაში მოითხოვს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან გარანტიებს და კომპრომისს იმისა, რომ... და აი აქ, ჩვენ, ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, თუ რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს საქართველო!.. ქოსატყუილა სააკაშვილი ცრუობს, როცა ამბობს, რომ მან 2008 წლის 21 თებერვალს (დასავლეთის მიერ, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების მეოთხე დღეს) მოსკოვში პუტინთან შეხვედრისას უთხრა მას, რომ საქართველო ყველაფერზე წავა(გარდა დამოუკიდებლობის დათმობისა), ოღონდ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს, - ნატოზე-ც კი უარს ვიტყვითო. რაზეც პუტინმა მიპასუხაო, რომ - რუსეთი არ ვაჭრობს თქვენი (ანუ საქართველოს) პოლიტიკური ორიენტაციითო - ეს არის მტკნარი სიცრუე, რამაც აგვისტოს დამანგრეველ ომამდე მიიყვანა ქვეყანა. სინამდვილეში, ცრუპენტელა სააკაშვილმა არ გაითვალისწინა 'კოსოვოს პრეცენდენტი' და მისი ამერიკელი ლობისტების მეშვეობით ფორსირებულად განაგრძო ნატო - ს წევრ ქვეყნების მეთაურებზე "ზეწოლა', რათა მაპ-ი მიეღო საქართველოს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე, რაც არ გამოვიდა (გერმანიამ, საფრანგეთმა და სხვა "ძველი ევროპის" სახელმწიფოებმა დაბლოკეს). თუმცა, ამერიკელების მოთხოვნით (სააკაშვილის დაჟინებით) სამიტის დასკვნით რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ - საქართველო ოდესმე აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი - დიახ, აი ამ ჩანაწერმა განაპირობა სწორედ საომარი მოქმედებების პროვოცირება და რუსეთის გაღიზიანება, რომელიც გეგმაში სულ ჰქონდათ მათ იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველოს სწრაფვა ნატო-სკენ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდებოდა. ამას დაემატა "კოსოვოს პრეცედენტი", ამერიკელებმა არაფრად ჩააგდეს ის, რომ რუსეთი მათ 'სამაგიეროს" საქართველოს მხარეების 'აღიარებით" გადაუხდიდა. მოკლედ, სააკაშვილის ვოლუნტარისტული პოლიტიკის წყალობით, რუსეთმა "აღიარა" ჩვენი ორი მხარის "დამოუკიდებლობა". არადა, აგვისტოს ომამდე სამშვიდობო ფორმატები მუშაობდა და რუსეთი ყველა საერთაშორისო დოკუმენტებში აღიარებდა - საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც რეალურ შანსს იძლეოდა საქართველოს გამთლიანებითვის! აი, ეს დაგვაკარგინა სააკაშვილმა! დღეს კი, სააკაშვილი დასმულ კითხვაზე, თუ რა სჯობდა საქართველოსთვის, - რუსეთი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე მომქმედ სამშვიდობო ფორმატში აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ოკუპანტი რუსეთი, რომელმაც აღიარა საქართველოს ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა"?? - იგი უტიფრად პასუხობს, რომ - "ოკუპანტი რუსეთიო"!! - რომელსაც ნიღაბი ჩამოვხსენით და მსოფლიოს დავანახეთ მისი ნამდვილი სახეო??!!.. ასე რომ, ახალი ხელისუფლების პირობებში მაინც, თავს ნუღარ მოვიტყუებთ, დრო ისედაც მცირეა და გაუცხოება ჩვენსა და აფხაზურ-ოსურ საზოგადოებებს შორის ღრმავდება. მოკლედ, რუსეთის უპირველესი ინტერესია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი არ გახდეს! აი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მოხდეს "გადაფურთხებულის ალოკვა" რუსების მიერ, ანუ ჩვენი მხარეების "დამოუკიდებლობების" გაუქმება და საქართველოს გამთლიანებაზე დათანხმება!.. როგორ და რა ფორმით, ეს უკვე, დამატებითი მოლაპარაკების საგანია, თუმცა დაზღვეული რომ ვიყოთ, აუცილებლად მიმაჩნია, რომ საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო გარანტორების მონაწილეობით უნდა მოხდეს ხელშეკრულებების გაფორმება! ერთი-ერთზე რუსებთან დარჩენა, ცუდადა გვაქვს დაცდილი!.. ეს ადვილი საქმე არაა, სააკაშვილმა ქართველებს "ღრმად შეგვატოპინა" და ამერიკელების "დათანხმება" იმაზე, რომ საქართველო თავისი ტერიტორიების დასაბრუნებლად "ამ მსხვერპლზე მიდის" (ნატო-ში გაწევრებაზე იძულებით უარის თქმა), ძალიან რთული იქნება!.. საქართველოსთვის საშიშროების შემცველი იქნება ის მდგომარეობა, თუ "განაწყენებული" ამერიკელების და "სალდაფონი" რუსების ინტერესთა დამთხვევა მოხდება... ანუ, ამერიკელებს საქართველო ჭირდებათ ნატო-ში (თუნდაც, უაფხაზეთოდ და უცხინვალოდ!), ხოლო "სალდაფონ" რუსებს, აფხაზეთი და ცხინვალი ჭირდებათ რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანონ, დანარჩენი საქართველო კი, თურქულ-ამერიკული პატრონაჟის ტერიტორიად მიაჩნიათ!... ამიტომ, სანამ ბოლომდე, შეუქცევადად არ იქნება მიღწეული კომპრომისი საქართველოს საკითხთან მიმართებაში მთავარი პოლიტიკური მოთამაშეების პირველ პირებს შორის (სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფი არსებობს, როგორც რუსეთში ისე ამერიკაში, რომლებსაც თავისი მიზნებისათვის საქართველოს დღევანდელი დანაწევრებული მდგომარეობა აწყობთ!), მანამ სიფრთხილე გვმართებს, იმიტომ, რომ დარტყმის ქვეშ არ დადგეს დასავლეთის მიერ წარმოებული არაღიარების პოლიტიკა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ, ანუ არ მოხდეს შეთანხმება, ზევით ნახსენებ ანტიქართულ ძალებს შორის (რაშიც სეპარატისტები სისხლხორცეულად დაინტერესებულები არიან)!.. ქართველთა მიამიტობით და სიბრიყვით, ბევრჯერ უსარგებლიათ ჩვენს მტრებს და 9 წელი სარგებლობდა ამით სააკაშვილის რეჟიმი, რომელმაც ვერც ნატო-ში გააწევრიანა და ვერც გაამთლიანა საქართველო და ახლა მაინც გამოვიჩინოთ სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა! ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოს შეცდომების დაშვების "ლიმიტი ამოწურული" აქვს!...