საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს" ინფორმაციით, 2004-2007 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 137 837 077 ლარი, 6 003 080 აშშ დოლარი და 10 100 ევრო შეადგინა.
"2004-2005 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 4 449 292 ლარი და 218 500 აშშ დოლარი შეადგინა, 2006 წელს ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ ჯამში 9 990 898 ლარი, 5 616 800 აშშ დოლარი და 10 100 ევრო შეადგინა, 2007 წელს კი ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 123 396 887 ლარსა და 167 780 აშშ დოლარს გადააჭარბა... ინფორმაციის დამუშავების პროცესში აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოსთვის ძვირად ღირებული ქონების ჩუქების ან სიმბოლურ თანხად - 1 ლარად მიყიდვის "სურვილი" სახელმწიფო კომპანიებს, მუნიციპალიტეტებს, თვითმმართველ ქალაქების გარდა, მრავალ კერძო კომპანიას და ფიზიკურ პირსაც უჩნდებოდა", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.ორგანიზაციის განმარტებით, დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ცალკეული ფიზიკური თუ იურიდიული პირები სხვადასხვა სახის ავტომანქანებს უსასყიდლოდ გადასცემდნენ სახელმწიფოს. შპს "გოგირდის აბანომ" სახელმწიფოს გადასცა 650 000 აშშ დოლარად შეფასებული შენობა-ნაგებობები, შვიდმა ფიზიკურმა პირმა თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ფართი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს; შპს "ნატვრის ხემ" კი ამავე ტერიტორიაზე 650 000 აშშ დოლარად შეფასებული უძრავი ქონება აჩუქა. ჯამში ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემული უძრავი ქონება რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს.
„გამოვლენილი შემთხვევები ბადებს მნიშვნელოვან ეჭვებს, რომ ქონების სახელმწიფოსთვის მასობრივი გადაცემა ყველა შემთხვევაში არ ატარებდა ნებაყოფლობით ხასიათს და არ ასახავდა ქონების მესაკუთრის ნებას“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.