სამართალი
NDI: “ქართული ოცნება” - 60%, “ნაციონალური მოძრაობა” - 10%

1-NDI-Bსაქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომლის პრეზენტიაცია დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა, რესპონდენტთა 60% მის შეხედულებებთან ყველაზე ახლო მდგომ პოლიტიკურ გაერთიანებად კოალიცია ქართულ ოცნებას მიიჩნევს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელი კი 10%-ია.

ამასთან, კითხვაზე - ვის მისცემდით ხმას, არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 60%-მა თავის რჩეულად „ქართული ოცნება“ დაასახელა, ხოლო 9%-მა - „ნაციონალური მოძრაობა“. გამოკითხულთა 17%-მა არჩევანი ვერ გააკეთა.

გამოკითხულთა 78%-ის აზრით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ძლიერი ოპოზიცია. 56%-ის თვალსაზრისით, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“, ხოლო 6%-ს ასეთად „ქართული ოცნება“ მიაჩნია.

NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორის ლუის ნავაროს განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს მხედველობაში აქვთ პრემიერ-მინისტრის განცხადებები, სადაც ის „ქართული ოცნების“ წიაღში ოპოზიციის შესაძლო ჩამოყალიბების შესახებ ლაპარაკობს.