საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. რუსთაველის გამზირზე „ნაცმოძრაობის“ აქცია საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ გახსნა და აღნიშნულ ღონისძიებას „ახალი ეროვნული მოძრაობის“ დასაწყისი უწოდა.
მისი თქმით, ეს მოძრაობა სამ მნიშვნელოვან პრინციპს ეფუძნება: „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება, პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება, ქვეყნის მოდერნიზაცია, გლობალურ სამყაროში ჩვენი ქვეყნის ფუნქციის ახლებური გააზრება“.„ახალი ეროვნული მოძრაობა - ეს არის საქმის კეთება შენი ქვეყნისთვის. ეს არ არის უბრალოდ გულზე მჯიღის ცემა, ეს არის რეალური საქმის კეთება შენი ქვეყნისათვის. ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სადღეგრძელოს თქმა შენი ქვეყნისათვის, ეს არის ფიქრი და გულწრფელი დამოკიდებულება შენი სამშობლოს მომავლისადმი. ახალი ეროვნული მოძრაობა - ეს არ არის ბოღმა და გაუტანლობა, ეს არის სიყვარული, შენდობა და ურთიერთპატივისცემა. ახალი ეროვნული მოძრაობა - ეს არ არის ერთეულთა ხვედრი. ეს არის ყველასთვის - თითოეული ჩვენგანისთვის კარგად გასაგები, ხელშესახები რეალობა“, განაცხადა ვაშაძემ და შეკრებილ საზოგადოებას ერთდ დგომისკენ მოუწოდა. „მოდით, ყველანი ერთად დავიხარჯოთ საქვეყნო საქმის კეთებაში და მჩქეფარე თერგივით, ბობოქარი თერგივით ჩვენი ახალი მოძრაობით, მშვიდობიანად მივიდეთ განვითარებულ საქართველომდე“, - აღნიშნა მან.