საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია, რომლის დევიზია „საქართველოს ევროპული არჩევანი“, დაიწყება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძის გამოსვლით და დასრულდება „ნაცმოძრაობის“ პარტიის გენმდივან ვანო მერაბიშვილის გამოსვლით.
აქციის დაწყებამდე „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები იმის თაობაზე, თუ რა მიზანს ემსახურება დღევანდელი აქცია.„ვინც ფიქრობს, რომ ოკუპაციის კანონი არ უნდა გაუქმდეს, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთთან თავდახრის და კოცნა-პროშნის პოზაში არ უნდა დავდგეთ, ვინც ფიქრობს, რომ დასავლეთია ჩვენი არჩევანი, გვაქვს ღირებულებები და ამ ღირებულებების გარშემო ვიკრიბებით. არავის ვესხმით თავს და არავის ქვებს არ ვუშენთ, როგორც რამდენიმე წლის წინ ამ მოედანზე ხდებოდა ხოლმე ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
გიგი წერეთლის თქმით, „ბევრი კითხვა არსებობს საზოგადოებაში, საგარეო პოლიტიკასთან, რუსეთთან ურთიერთობასთან, ეკონომიკასთან, სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით. და ჩვენ ვხედავთ, რომ არასწორი პოლიტიკა ხორციელდება ბევრი მიმართულებით. ეს, მე მგონი, დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია, რომ ხმამაღლა ვთქვათ ამის თაობაზე. ეს ქვეყნისთვის საჭიროა და თავად ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანია“.
კობა ხაბაზის განცხადებით, კიდევ ერთხელ უნდა გაერთიანდნენ ის ადამიანები, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული ორიენტაცია და კიდევ ერთხელ დააფიქსირონ პოზიცია ოკუპაციასთან დაკავშირებით. „ეს არის ჩვენი აქციის შინაარსი, ამიტომ ჩვენ ვართ დარწმუნებული, ყველა ის ადამიანი, ვინც იზიარებს ამას, დღეს შემოგვიერთება და კიდევ ერთხელ კონსტიტუციის ფარგლებში ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას“, - აღნიშნა ხაბაზმა.