საზოგადოება
საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. „ნეტგაზეთის“ ცნობით, ქუთაისიდან თბილისში, „ნაცმოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, 1200-მდე კაცი გამოემგზავრა. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი თევდორაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქუთაისიდან აქტივისტები დედაქალაქში საკუთარი ავტომანქანებით, ხაზის მიკროავტობუსებითა და მატარებლით გაემგზავრნენ. მათ ვერ შეძლეს მიკროავტობუსების დაქირავება, რადგან, როგორც გიორგი თევდორაძე აცხადებს, მძღოლების თქმით, ისინი პოლიციიდან გააფრთხილეს, რომ მართვის მოწმობებს ჩამოართმევდნენ და პრობლემებს შეუქმნიდნენ.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერის გოგი წულაიას თქმით, თბილისში აქციაზე გაემგზავრა ქუთაისის მერიის 70-მდე თანამშრომელი, რომელთაგან „ზოგმა შვებულება აიღო, ზოგმა კი ბიულეტენი გამოიწერა“.
“ქალაქის მასშტაბით, მაქსიმუმ, 300 ადამიანი იქნება წასული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო გაფართხალება ქუთაისში", - განაცხადა წულაიამ.