საზოგადოება
ქართულ-სომხური პარტნიორობის გაღრმავების გადაუდებელი აუცილებლობა

1sazogad-2-analit-2საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. კვლევით-ანალიტიკური საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ინტეგრაცია და განვითარება“ (ხელმძღვანელი - არამ საფარიანი) ინიციატივით, ერევანში, 13 აპრილს გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სომხეთი: გეოპოლიტიკური და ინტეგრაციული პერსპექტივები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სომეხმა პოლიტიკოსებმა და პოლიტოლოგებმა, ისე ბალტიისპირა სახელმწიფოებისა და საქართველოს წარმომადგენლებმა. კონფერენცია სასტუმრო „მეტროპოლში“ გაიმართა და მას დიდი ყურადღება დაუთმო ადგილობრივმა მასმედიამ.

კონფერენცია გახსნა სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა. ეს ფაქტი ინტეგრაცია და განვითარების მიერ მოწყობილი ღონისძიების მაღალ სტატუსს უსვამს ხაზს. მომხსენებლებად წარსდგნენ ესტონეთისა და ლატვიის პარლამენტების დეპუტატები - იანა ტოომი და ნიკოლაი კაბანოვი, პოლიტიკური მიმომხილველი ლატვიიდან - ეინარს გრაუდინში, ცნობილი ლიტველი პოლიტიკოსი ალგირდას პალეცკისი, სომხეთში ცნობილი და პატივცემული სწავლულები და ანალიტიკოსები - გაგიკ არუთუნიანი, სტეპან გრიგორიანი, კარენ ბექარიანი, სტეპა საფარიანი და სხვები. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან მოწვეული იყო ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე, რომელიც ასევე წარსდგა მოხსენებით.

რცხილაძის გამოსვლის თემა იყო: „სომხეთის მნიშვნელობა საქართველოს ახალ საგარეო პოლიტიკაში“. მოხსენების ძირითადი პოსტულატები:

- საქართველოს ახალი საგარეო პოლიტიკა, რომელიც დასავლურ პოლიტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გარდა, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების აუცილებლობასაც ითვალისწინებს, ბუნებრივად ითხოვს სომხეთთან პარტნიორობის აქტივიზაციას, რომელსაც რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობები აქვს დამყარებული;

- დესტრუქციული ძალების მხრივ, აფხაზეთზე გამავალი რუსეთ-საქართველო-სომხეთის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის იდეის წინააღმდეგ მიმართული აქტიურობის ფონზე აუცილებელია სომხური დიპლომატიის გააქტიურება როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მიმართულებით;

- რუსეთთან საქართველოს სარკინიგზო კავშირის აღდგენა აუცილებელია და ხელს აძლევს როგორც საქართველოს, ისე სომხეთს. გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი შესაძლებლობა თავად რუსეთისთვისაც მომგებიანია, ისევე როგორც ირანისთვის. ამასთან, აშკარაა, რომ ეს აფხაზური მხარისთვისაც მომგებიანი იქნება, რომელთანაც საჭიროა ერთობლივი ახსნა-განმარტებითი მუშაობის ჩატარება, მისი დარწმუნება, რომ საქმე ეხება წმინდა ეკონომიკურ პროექტს;

- რუსეთთან საქართველოს დაახლოება არავითარ შემთხვევაში არ აუქმებს რუსეთისთვის სომხეთის, როგორც მოკავშირის, მნიშვნელობას. პირიქით, ეს მის გეოპოლიტიკურ როლს აძლიერებს, გამოჰყავს ქვეყანა ანკლავური მდგომარეობიდან და მას რეგიონში სრულფასოვან მოთამაშედ აქცევს;

- აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის შედეგად აზერბაიჯანი არასგზით არ ექცევა იზოლაციაში, მ.სააკაშვილის მიერ ამას წინათ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაჟღერებული მოსაზრების საპირისპიროდ. სინამდვილეში აზერბაიჯანი ინარჩუნებს ფოთისა და ბათუმის პორტებთან, აგრეთვე თურქეთის სახმელეთო საზღვართან მისასვლელით სარგებლობის შესაძლებლობას, გარდა ამისა, სრული დატვირთვით მიმდინარეობს ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს რკინიგზის მშენებლობა, რომელიც საქართველოს რკინიგზისა და ისევ ქართული პორტების კონკურენტი იქნება;

- სომხეთმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მის ინტერესებშია, ყველაფერთან ერთად, სარკინიგზო და ხარისხიანი საავტომობილო კავშირის დამყარება ირანთან.

გასაკვირი არ არის, რომ კონფერენციის მუშაობაში, პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების გარდა, მონაწილეობას იღებდნენ სომხური ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლები, კერძოდ, კომპანია „აპავენის“ (სომხეთის უდიდესი გადამზიდავი) გენერალური დირექტორი გაგიკ აგაჯანიანი.

“პოლიტფორუმი”