აქტუალური
კახეთიდან თბილისისკენ სულ 60 კაცი მოემართება

1kaxetiiსაქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სპეციალური სია აქვთ, სადაც იმ ავტომანქანების ნომრები და მძღოლების ვინაობაა მითითებული, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ აქციაზე მიდიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში მონაწილეობის მისაღებად კახეთიდან თბილისში გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პარტიის 40-ოდე აქტივისტი, სულ 60-მდე კაცი გამოემგზავრა კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილის და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილის ხელმძღვანელობით.

გიორგი ღვინიაშვილის თქმით, დღევანდელ აქციაში მონაწილეობის მიღება „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა მხარდამჭერებსაც სურდათ, თუმცა ისინი, ვინც დასაქმებულია, ხელმძღვანელებმა გააფრთხილეს, რომ თბილისში არ წასულიყვნენ. ამასთან, დეპუტატმა კონკრეტული ფაქტი ვერ დაასახელა.

„ჯერჯერობით ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ გვქონია, თუმცა არის არაერთი ინფორმაცია, რომ ჩვენს აქტივისტებზე მაინც ხდება ზეწოლა, რომ ისინი არ წავიდნენ 19 აპრილის მიტინგზე. დღეს ჩვენ დავაფიქსირებთ, თუ რა კურსი უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას. და ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია“, - განაცხადა ღვინიაშვილმა.