საზოგადოება
„პრეზიდენტის ოჯახის წევრებისა და მისი მეგობრების დასვენებაზე მილიონები იხარჯებოდა!“

imerliShსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილის განცხადებით, რომელიც მან პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი პრეზიდენტის ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ნათესავების დასვენებაზე იხარჯებოდა.

„იქამდე, ვიდრე სდსს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იყო, მის დოკუმენტებს გრიფი “საიდუმლო“ ედო. მას შემდეგ, რაც სდსს მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა, მას მოეხსნა გრიფი და ჩვენ მივმართეთ მთავარ პროკურატურას, მოეწოდებინა ინფორმაცია სდსს-ს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. მიღებული ინფორმაცია ჩვენთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, რადგან დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრების, მისი მეგობრებისა და ნათესავების დასვენებასა და სწავლაზე, ასევე ესპანელი მზარეულისა და თარჯიმნისთვის სდსს-ს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯებოდა", - განაცხადა იმერლიშვილმა და იქვე დასძინა, რომ ამ სიკეთით სარგებლობდნენ ამჟამად პარლამენტსა და მოქმედ ოპოზიციაში მყოფი მაღალჩინოსნებიც.

აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე წუთის წინ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი კომენტარი გაუკეთა ვასილ მაღლაფერიძემ:

„ახლა, აი თუ მართალია... რა ჯობია, თქვან, არ ვიცნობთ ერთმანეთსო თუ ტურიზმის განვითარების ვერსიას მიაწვნენ?!

“1.სააკაშვილი, მისი მეგობრები და საპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი კერძოდ გოგა ხაჩიძე, დავით საყვარელიძე, გიორგი ღვინიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, სერგო რატიანი და დავით დარჩიაშვილი ახალ, 2013 წელს შეხვდნენ დუბაიში, სადაც მათი მოლხენისა და გართობისთვის ფარული ხარჯებიდან გაიცა 240 000-მდე ლარი.

2. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ფარული ხარჯებიდან მრავალგზის ფინანსდებოდა ძვირად ღირებული საჩუქრები პრეზიდენტის მეგობრებისთვის, კერძოდ, მობილური ტელეფონი და ოქროს სამაჯური მარიამ საჯაიასთვის, ოქროს ნაკეთობა ივანა მელაისთვის და ქსენია სოკოლოვასთვის.