პოლიტიკა
ვერულაშვილი: „მერაბიშვილი ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს“

marikaსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. დამოუკიდებელი დეპუტატის მარიკა ვერულაშვილის განცხადებით, რომელიც მან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა, უახლოეს მომავალში მერაბიშვილი ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება სწორედ მერაბიშვილის დამსახურებაა და რაკიღა იგი მაინც ამ პარტიის გენმდივანია, სწორედ ამიტომ დატოვა ვერულაშვილმა „ნაცმოძრაობა“.

„მერაბიშვილი სიმართლის მოსმენას მიჩვეული არ არის. მინდა გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში ამის მოსმენა მას ხშირად მოუწევს... ის ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს. მე ამ დრომდე არ გამიკეთებია განცხადება პარტიის დატოვების მიზეზებზე და მინდა დღეს ამაზე ვისაუბრო. "ნაციონალური მოძრაობის" და ჩემი პარტიის კრახი საპარლამენტო არჩევნებში მერაბიშვილის დამსახურებაა. მიმაჩნია, რომ ამის შემდეგ ის პარტიის გენერალური მდივანი არ უნდა ყოფილიყო. რადგან ეს მაინც მოხდა, ეს გადაწყვეტილება მივიღე, რაც ძალიან გამიჭირდა, რადგან დაარსების დღიდან ამ პარტიის წვერი ვიყავი. დღესაც ვთვლი და მაშინაც ვთვლიდი, რომ მერაბიშვილის გვერდში დგომა დანაშაულია", - განაცხადა ვერულაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვებას მარიკა ვერულაშვილი ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლით ხსნიდა.