პოლიტიკა
სააკაშვილი: „ჩვენ არ ვართ ხელისუფლებაში, ჯერჯერობით არ ვართ“

saakaსაქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად,  შსს-მ დაკარგა სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსა და სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის ფუნქცია და ის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაეცა, რის მეშვეობითაც ყოფილი ხელისუფლება უკანონო მოსმენებს ახორციელებს.

„პრეზიდენტის დაცვის სამსახური აღარ არსებობს. სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი პრემიერ-მინისტრის დაცვის ყოფილი თანამშრომელია. ეს მათია და თუ სადმე გადაიტანენ, თავისი ერთი უწყებიდან მეორეში გადაიტანენ. ამ შენობაში სახელმწიფო დაცვის სამსახურია და ის ჩვენი აღარ არის. ეს ერთი. მეორე - დაიჯეროს ხალხმა, დაიჯერეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ჩვენ ხელისუფლებაში აღარ ვართ  და რომ არ ვართ ხელისუფლებაში, ამას ყოველდღე ვხედავთ – გაჩერებულ პროექტებზე, ძალიან ბევრ პრობლემაზე. ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენ არ ვართ ხელისუფლებაში, ჯერჯერობით არ ვართ", - განაცხადა სააკაშვილმა.