კონფერენციის ორგანიზაციაში მონაწილეობს თბილისის სომეხთა ასამბლეაც.
“კონფერენციის მონაწილეები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ მოწყობილი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას, ხოლო ერეკლე მეორის საზოგადოება და თბილისის სომეხთა ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მთავრობას, აღიაროს სომეხი ხალხის გენოციდი, რომელიც თავისი სიმწვავით ჰოლოკოსტს უტოლდება, მით უფრო, რომ ის აღიარა დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობამ“, - აღნიშნა არჩილ ჭყოიძემ და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს წინა მთავრობამ სრულიად დაუსაბუთებლად სცნო ჩერქეზი ხალხის გენოციდი, რაც არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ გაუკეთებია.
კონფერენციაზე განხილული იქნება ქართულ-სომხური ურთიერთობა, ისტორიის გაყალბების მცდელობები, რასაც შეგნებულად სჩადის ზოგიერთი სომეხი და ქართველი ისტორიკოსი და ავრცელებენ გარკვეული პოლიტიკოსები მოძმე ხალხებს შორის მტრობის გაღვივების მიზნით, და რასაც წინ უნდა აღუდგეს ქართველი და სომეხი საზოგადოება.
კონფერენციაზე ერეკლე მეორის საზოგადოება და თბილისის სომეხთა ასამბლეა ხელს მოაწერენ მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ღია იქნება სხვა დიასპორებისთვისაც. კონფერენციის მუშაობაში ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მცხოვრები ცნობილი სომეხი საზოგადო მოღვაწეებიც.