საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ გუშინ გავრცელებული ცნობით, მიხეილ სააკაშვილი უკანონო მოსმენებს დღემდე აგრძელებს და ამისათვის სპეციალური აპარატურაც აქვს შეძენილი.
საქართველოს პრეზიდენტმა 5 ოქტომბერს ორი ბრძანებულება - №924 და №925 - გამოსცა, რომლებითაც სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსა და სსიპ სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის ფუნქცია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაეცა. შედეგად კი შსს-დან, სააკაშვილის უშუალო მითითებით, სპეცდანიშნულების მოსასმენი ტექნიკა გაიტანეს, რომელიც არ ირიცხებოდა შსს-ს ან რომელიმე სახელმწიფო უწყების ბალანსზე. შესაბამისად, არავინ იცის, ამ გზით შეძენილ რა რაოდენობის ტექნიკას ფლობდნენ სააკაშვილი და მერაბიშვილი.ამასთან, „ნიუსპრესის“ ცნობით, არჩევნების შემდეგ შსს-ს მოსმენების განყოფილებაში არ შეცვლილა არც ერთი თანამშრომელი, რადგან ისინი კვალიფიციური კადრები არიან. მათ აქვთ შესაძლებლობა, უკანონოდ მოუსმინონ ნებისმიერ მოქალაქეს, ხოლო ეს ჩანაწერები გადასცენ მერაბიშვილს.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიება დაწყებული აქვს. ამასთან, დაპატიმრებულია სპეცკავშირის ორი ყოფილი თანამშრომელი - ვინმე “ჰაკერა” და ნ. სააგენტოს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ მერაბიშვილი და სააკაშვილი მოსმენებს ცალ-ცალკე ახორციელებდნენ და ორივე მათგანს საკუთარი აგენტურა ჰყავდეს.
უახლოეს დღეებში, შესაძლოა, გამოჩნდეს პირი, რომელიც იტყვის, რომ მუშაობს შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკურ სამსახურში და მას მოქმედი ხელისუფლება უკანონო მოსმენებს ავალებს, რის დასადასტურებლადაც შესაძლოა, გამოქვეყნდეს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების უკანონო ჩანაწერები.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, საქართველოში მოსასმენი აპარატურის შემოტანასა და გატანასთან დაკავშირებით შსს საქმის კურსშია.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ბათიაშვილმა, რომელმაც სააკაშვილის მიერ უკანონო მოსმენების განხორციელების შესაძლებლობა დაადასტურა.