კასრელიშვილი: „პრეზიდენტზე თავდასხმა მზადდება“
საქართველო, 16 აპრილი,
საქინფორმი. „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე
ზაალ კასრელიშვილის განცხადებით, რომელიც მან გუშინ „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა მზადდება. კასრელიშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას აღნიშნული ინფორმაციიის შემოწმებისკენ მოუწოდა.
ზაალ კასრელიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა, შესაძლოა, სამი სხვადასხვა მხრიდან განხორციელდეს. მისივე თქმით, პრეზიდენტს საფრთხე იმ ქვეყნებიდანაც ელოდება, რომელთა მიმართ წლების მანძილზე აგრესიულ პრეტენზიებს ამჟღავნებდა. “თურქეთში მოხდა სამარცხვინო ინციდენტი, როდესაც პრეზიდენტი ველოსიპედით სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ამ ფაქტმა კარგი რეაქცია არ გამოიწვია ჩვენი ქვეყნის მეგობრებში. გავრცელდა რამდენიმე ჭორი, მათ შორის – რომ სააკაშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ასევე, რომ მას ეს ამბავი მოუწყვეს. ჩვენ ამ ინციდენტის გამოძიებას არ ვაპირებთ, მაგრამ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, გაითვალისწინოს ჩვენს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაცია, რომ პრეზიდენტზე თავდასხმა მზადდება. რა ფორმით მოხდება ეს და როდის – ჩვენთვის უცნობია. სააკაშვილს საფრთხე სამი მხრიდან ემუქრება: პირველი – «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერების, კერძოდ, მერაბიშვილი-უგულავას ფრთიდან, მეორე – მისი ყოფილი „პატრონების» მხრიდან, რომელთაც არ აქვთ გარანტია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილი, შევარდნაძის მსგავსად, კრწანისში დაჯდება და ხმას არ ამოიღებს, მესამე კი – იმ ქვეყნების მხრიდან, რომელთა მიმართ მას წლების მანძილზე აგრესიული პრეტენზია ჰქონდა,“ - აღნიშნა კასრელიშვილმა.