ქალაქში ღვედების გამოყენების შესახებ მიღებულ ცვლილებას პარლამენტი მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცებს.
აღსანიშნავია, რომ 1 დეკემბრიდან ღვედის შეკვრა სავალდებულო ხდება. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლები და მათ გვერდით მსხდომი პირები ქალაქში ღვედის გარეშე ივლიან, მათ 40-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.
როგორც კანონპროექტის ინიციატორები აცხადებენ, ადმინისტრაციულ კოდექსში მძღოლებისთვის სანქციების გამკაცრება ავტოსაგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკამ გამოიწვია.
მომავალი კვირიდან კი პარლამენტი კანონპროექტის განხილვას დაიწყებს, რომლის მიხედვით, დასასვენებელ ადგილებში ძაღლების ალიკაპის ან საბელის გარეშე ტარება, შესაძლოა, პატრონს ძვირი დაუჯდეს.
შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აჭარის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით შედის.
ის პირები, ვინც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ძაღლებს აღვირის და უსაფრთხოების სხვა საშუალებების გარეშე გამოიყვანენ, 100 ლარით დაჯარიმდებიან.