ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, პირის მიერ პირველ ჯერზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად, ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ასეთ ქმედებას პირი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდენს. კანონის განმეორებით დამრღვევი ან სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე დაჯარიმდება, ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება.
ამასთან, კანონით აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სპეციალურ თანხმობას საქართველოს მთავრობა გასცემს.
აღნიშნულ ცვლილებას არ ეთანხმებიან საპარლამენტო უმცირესობის წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ კანონი არ უნდა შეიცვალოს და კანონდამრღვევს პირველსავე შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.