სამართალი
უგულავა: „აგვისტოს ომის ნებისმიერი გამომძიებელი მიიღებს მონაწილეობას ღალატში და თავის დროზე დაისჯება!“

agvisto-samart-2საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. თბილისის მერი გიგი უგულავა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხების გამოძიების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას ბრიყვულს უწოდებს. "არანაირ საერთაშორისო ვალდებულებას ეს არ წარმოადგენს. საერთაშორისო საზოგადოებამ ობიექტური გამოძიების შედეგები თავის დროზე უკვე დადო, ვგულისხმობ ტალიავინის კომისიის დასკვნას", - განაცხადა მერმა.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ვერ შეძლებს ობიექტური გამოძიების ჩატარებას.

"არავის არ სჯერა, რომ კბილაშვილს, რომელიც ომის დროს თავის "მასკოვსკაია კვარტირაში" იჯდა, შეუძლია ობიექტური გამოძიების ჩატარება. არავის არ სჯერა იმის, რომ ლაშა ნაცვლიშვილს, რომელიც თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში რუსეთის პირდაპირი მეკავშირე იყო, რაიმე ობიექტური გამოძიების ჩატარება შეუძლია. ვერც იმას დაიჯერებს ვინ, რომ ივანიშვილ, რომელიც ურეკში გასაქცევად გამზადებული იყო და სარფში კორიდორს ითხოვდა სწრაფად გასვლისთვის - ამ ხალხს რაიმე ობიექტური გამოძიების უნარი აქვს!.. ჯობ, პრობლემებს მივხედოთ, რომლებიც ობიექტურად დაგროვდა, ეკონომიკურ პრობლემებს ვგულსხმობ. ვერანაირი ინსინუაციებით და გამოძიების მოშველიებით ამ პრობლემებს ვერ გადაფარავ. ეს საქართველოს რეპუტაციას ავნებს. ეს ნიშნავს იმას, რომ აღარასდროს გვეყოლება ქმედითი ჯარი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეღარასდროს ვერ შევძლებთ, მტერს გავუმკლავდეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი პოლიტიკური ხელმძღვანელი ვერ უხელმძღვნელებს ქვეყანას საომარ მოქმადებებში, თუ საჭირო იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არ გვექნება", - განაცხადა გუშინ უგულავამ.

იგი გამომძიებლებს მოუწოდებს, არ ჩაერთონ გამოძიების პროცესში: "ეს არ არის ჩვეულებრივი გამოძიება. მივმართავ კონკრეტულ გამომძიებლებს, ჩემი მისამართით აწარმოეთ ნებისმიერი გამოძიება. მაგრამ ამ გამოძიებაში მონაწილეობა არ არის "რა ვქნა, დამავალეს". ეს იქნება ის, რომ ნებისმიერი გამომძიებელი მიიღებს მონაწილეობას ღალატში და შესაბამისად დაისჯება, როდესაც ამისი დრო დადგება!", - განაცხადა თბილისის მერმა.