რუსეთთან ფარული შეთანხმებით “ქვეყნის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები პრეზიდენტმა რუსულ კერძო კომპანიებს მიჰყიდა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი აღადგინა, მას ახალგორი მიუერთა. იგივე ქმედება ჩაიდინა, როცა კოდორის ხეობაში სვანები განაიარაღა და კოდორი აფხაზეთს შეუერთა“, - აღნიშნავს წერილში პროფესორი სავანელი.
მისივე განმარტებით, სააკაშვილმა თურქეთთან ფარული შეთანხმებით აჭარაში 30 ათასი თურქი ჩაასახლა და მეჩეთები გაამრავლა, რაც თურქეთისგან აჭარის ისლამიზაციას და ეკონომიკურ-პოლიტიკურ ოკუპაციას გულისხმობს.
ხოლო რაც შეეხება სომხეთს, სავანელის თქმით, სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური კონფლიქტის წამოწყება სხვა არაფერია, თუ არა სომხეთის მხრიდან შეიარაღებული ჯარის შემოყვანა ჯავახეთში, შემდეგ 1919 წლის ანალოგიური მოძრაობის წამოწყება თბილისის მიმართულებით. ამ ფაქტს წერილის ავტორი პარლამენტის ქუთაისში გადატანით ამყარებს.
ზემოთ ჩამოთვლილი ბრალდებებიდან გამომდინარე, პროფესორი სავანელი თხოვნით მიმართავს იუსტიციის მინისტრს: "აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფო ღალატისათვის, პრეზიდენტი დაუყოვნებლივ აყვანილი იქნეს პატიმრობაში და საქმე პატიმართან ერთად გადაეცეს ჰააგის სასამართლოს განსახილველად".