როგორც ორგანიზატორები ამბობენ, აქციის მთავარი გზავნილი არის ანაკლიაში მშენებლობების გაგრძელება. აქციაში მონაწილეობდნენ ჯგუფი „მწვანე ოთახი“, სალომე კორკოტაშვილი და ზუმბა, რომლებიც საზოგადოებაში ცნობილი არიან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ აქციის რეალური ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობაა“. მით უმეტეს, როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, აქციიდან პოპულისტურ კომენტარებს თუ განცხადებებს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები – საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა აკეთებდნენ. კერძოდ, მარიამ საჯაია ამ სახის აქციებს სწორ გზად მიიჩნევს აფხაზეთის საქართველოში ინტეგრაციისთვის.
"მშენებლობები არ უნდა გაჩერდეს! უნდა იყოს განვითარება იმისთვის, რომ ჩვენი აფხაზი ძმები, მეგობრები მოვიზიდოთ. ეს მიმაჩნია სწორ გზად, რომლითაც შეიძლება აფხაზეთის ინტეგრაცია და არა ის პოლიტიკა, რაც ხორციელდება", - განაცხადა საჯაიამ.