საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, რომელიც მან „პირველი რადიოს" რადიო-კლუბში სტუმრობისას გააკეთა, „ომთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი უკვე გაეცა და პოლიტიკური შეფასებებიც გაკეთდა".
დავითაიას განმარტებით, ახალი ხელისუფლების მიერ ომის გამოძიების თემის წამოწევა შეუსრულებელი დაპირებების გადაფარვის მიზნით ხდება.„მე მესმის პრეზიდენტისაც, როდესაც თქვა, რომ გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს. როდესაც წინასწარ ხდება განცხადება და აბსურდებზე საუბარი, თითქოსდა ჰააგა ითხოვს სააკაშვილის დაკითხვას და ამიტომ უნდა დაიკითხოს, ეს ხომ არ დაიმალება, ეს ხომ ასე არ არის?! არის მხოლოდ და მხოლოდ პიარ-ნაბიჯები. რატომ ხდება ამ საკითხის წამოწევა? რეალურად, „ქართული ოცნება" ვერ ასრულებს დაპირებებს, რომლებიც ხალხს ხელისუფლებაში მოსვლის დროს მისცა. გამოძიებები, რაც მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიდის, ფლავდება. რეალურად ხომ ჩანს ეს?! ამიტომ ბევრი კითხვა ჩნდება. საზოგადოება ითხოვს სწრაფ მოქმედებებს. სწორედ ამიტომ გამოქექეს ახალი თემა. სინამდვილეში არაფერი ხდება. არც ჰააგა ითხოვს რამეს. გაკეთდა განცხადებები, რომ პოლიტიკური შეფასება არ იქნება და მოხდება მხოლოდ სამართლებრივი შეფასება. თუ პროკურატურაშიც საგამოძიებო კომისია იქნება, პარლამენტშიც შეიქმნება კომისია, რა გამოდის, რომ კომისიის კომისია იქნება?! ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ ჯერ თვითონ! სააკაშვილის დაჭერა უნდათ? – წავიდნენ ამ გზით. დანაშაულების გამოძიება უნდათ? – წავიდნენ ამ გზით. ეს გამოიწვევს იმას, რომ როცა ხელისუფლება შეიცვლება, კიდევ შეიქმნება კომისია და დასვამს კითხვას, რამდენად სწორად გამოიძია ივანიშვილის მთავრობამ აგვისტოს ომი," - აღნიშნა დავითაიამ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერის მიერ 2 დღის წინ ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქტორებთან შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებით, 2008 წელს ქართულმა მხარემ საომარი მოქმედებები რფ-ის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე დაიწყო.