პოლიტიკა
სააკაშვილი: „რუსეთს სურდა ჩემი ფიზიკური განადგურება“

saakaSvili-2საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რა პრაგმატულ პოლიტიკაზეა ლაპარაკი რუსეთთან, როცა ტერიტორიების ოკუპანტს ოკუპაციის დასაბუთება ეძლევა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სასახლესთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ მას უნდა პრაგმატული პოლიტიკის გატარება რუსეთთან.  მინდა ვთქვა, რომ  მე ამას მივესალმები, ჩვენც ვცდილობდით ამის გაკეთებას. მაგრამ ამიხსენით,  რა პრაგმატიზმზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა შენი ტერიტორიის ოკუპანტს აძლევ ოკუპაციის იურიდიულ  დასაბუთებას. რა პრაგმატიზმზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა აძლევ საშუალებას, რომ მორალური უპირატესობა მიიღოს, რომელიც მას დაკარგული ჰქონდა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში ბევრი მაგალითია იმისა, რომ შემოჭრილი მთავრობა წინა მთავრობის გასამართლების მიზნით, რომელიც ოკუპანტებს წინააღმდეგობას უწევდა, ზეწოლას ახდენდა ადგილობრივ მთავრობაზე.

„გასაგებია, რომ წინა მთავრობა გაასამართლო ღალატისთვის, გაქცევისთვის, ქვეყნის მიტოვებისთვის ან მოგონილი საბაბით სამხედრო დანაშაულისთვის, მაგრამ უყენებდე ბრალს წინა მთავრობას იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწია მტერს და უკან არ დაიხია, ხელი არ მოაწერა კაპიტულანტურ შეთანხმებას, რომ არ მიატოვა დედაქალაქი, როგორც მოგვიწოდებდნენ და მიგვითითებდნენ, ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. ახლა ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ არ მივეცით მათ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დანგრევის  და სახელმწიფო დამოუკიდებლობით ნიველირების საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ გვბომბავდნენ და გვაშინებდნენ, არ ვთქვით უარი ჩვენს ყველაზე მთავარ ატრიბუტებსა და პოზიციებზე“, - აღნიშნა სააკაშვილმა და იქვე დასძინა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების გასამართლების სურვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჰქონდა. "ძალიან ნათლად თქვა რუსეთმა, რა უნდოდა 2008 წელს, ეს თქვა პუტინმაც: ჩემი ფიზიკური განადგურება ან კიდევ უკეთესი, რაც არაერთხელ თქვეს რუსებმა, ჩემი და ჩემი მთავრობის გასამართლება. ეს არის ის, რასაც მსოფლიო ისტორიაში ალბათ პრეცედენტი არ აქვს!“, - განაცხადა სააკაშვილმა.