პოლიტიკა
"მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მთლიანად ვემიჯნები პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ბრალი იყო შეიარაღებული მოქმედებების დაწყება და ომის გაჩაღება. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და პრეზიდენტი, ერთი წამითაც არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან. ამ გამოძიების მიზანი არის სახელმწიფოებრიობის შერყევა და პირდაპირ არის მიმართული ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. პირდაპირ არის მიმართული ჩვენი მტრის ამოცანების უკვე ახალ ვითარებაში ბოლომდე შესრულებაზე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერი რუსეთის ოფიციალური პირებისა და ჩავესის შემდეგ პირველი ოფიციალური პირია, რომელმაც საქართველო 2008 წლის ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა.
„არც ერთ ოფიციალურ პირს, 2008 წლიდან მოყოლებული, გარდა რუსეთის ოფიციალური პირებისა და გარდა უგო ჩავესისა, არასოდეს დაუდანაშაულებია საქართველო ომის ინიცირებაში, ომის გაჩაღებაში. ყოველთვის ამ ომის ინიციატორად და აგრესორად გამოყვანილი იყო რუსეთი. მოხდა პირველი შემთხვევა, როცა გაჩნდა კიდევ ერთი ოფიციალური პირი, გარდა რუსებისა და ჩავესისა, რომელმაც ეს გააკეთა და, სამწუხაროდ ჩემთვის, ეს აღმოჩნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.