მალე თბილისში ჩინური ინვესტიციით საბითუმო ბაზარი აშენდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ნიკა გილაურისა და ჩინეთის მთავრობის ვიცე-პრემიერის - ჟანგ დეჯიანგის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე ქვეყნის მთავრობა კმაყოფილია ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობებით და საერთაშორისო დიპლომატიის ბევრ საკითხში შეხედულებების თანხვედრით.
ჩინეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა მოუწოდებს ჩინურ კომპანიებს, გააღრმაონ თანამშრომლობა საქართველოსთან და განახორციელონ ინვესტიციები.
ნიკა გილაურმა ჩინურ მხარეს შესთავაზა, რომ ხელი შეეწყოს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო ფრენების განხორციელებას, რამაც საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის განვითარება და ინვესტორთა მიმოსვლა უნდა განავითაროს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ჩინელების რაოდენობა 50 000 აღწევს. დღეს გაკვირვებას აღარც ქართულ-ჩინური ოჯახები იწვევს. ბევრი ქართველი გოგონა თხოვდება ჩინელზე, რის შემდეგაც ჩინელი ქმრები ცოლებს ბოლო დროს მომრავლებულ ჩინურ მაღაზიებში ამუშავებენ, „დამხმარედ“. საქართველოში ჩინელების მომრავლებისა და საქართველო-ჩინეთს შორის კონტაქტების გამყარების გამო ბრძანა, ალბათ, ცოტა ხნის წინათ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომ ინგლისურთან ერთად ჩინურის სწავლაც დავიწყოთო.