საზოგადოება
ლავროვი: „რუსეთი მზადაა საქართველოსთან კონტაქტების გასაფართოებლად“

lavrovსაქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. მოსკოვი მზადაა  ვაჭრობის, კულტურისა და სპორტის სფეროში თბილისთან კონტაქტების გასაფართოებლად. ამის შესახებ რფ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ ვაჭრობის გაფართოებასთან ერთად (მით უფრო, რომ ჩვენ გვაქვს მსო-ში რუსეთის გაწევრების შეთანხმება, აქ სამართლებრივი თვალსაზრისითაც არის დამატებითი წინაპირობები უფრო აქტიური სავაჭრო ურთიერთობისათვის), კულტურული, ჰუმანიტარული, სპორტული კონტაქტებისათვის, ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში ხდებოდა“, - განაცხადა მან ტელეარხ RTVi-თან ინტერვიუში.

ლავროვის თქმით, რუსი პოლიტოლოგები, მეცნიერები, მათ შორის დიპლომატიური აკადემიიდან და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა  სახელმწიფო ინსტიტუტიდან, საქართველოში სხვადასხვა კონფერენციაზე ჩადიან. „ჩვენთან თეატრალურ ფესტივალებზე რეგულარულად ჩამოდიან ქართველი არტისტები. მე ამას მხოლოდ მივესალმები, რადგან ხალხებს მაინც უნდა ახსოვდეთ, როგორ ცხოვრობდნენ ერთად და მეგობრობდნენ. ვფიქრობ, ეს მეგობრობა არსადაც არ გამქრალა, თუმცა ახლა ძალიან სერიოზულ გამოცდას გადის“, - დასძინა მინისტრმა.

ლავროვის განცხადებით, მოსკოვში კმაყოფილი არიან იმით, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას სურს პრაგმატულად გადაჭრას რფ-სთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითა და სასმელებით ვაჭრობა. „სხვათა შორის, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა არასდროს შეწყვეტილა, მხედველობაში მაქვს გაზი, ელექტროენერგია, რუსული კაპიტალი, რუსული კომპანიები“, - აღნიშნა მან.