სამართალი
ლავროვი: „რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ არ გაუქმდება“

lavrov-2საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. რუსეთი დადებითად ეკიდება საქართველოს ახალი მთავრობის „პრაგმატულ მიდგომას“, თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

„ზუსტად ისე, როგორც მე ვერ ვხედავ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა გამოჩნდეს ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის: „მორჩა, ჩვენ დავივიწყეთ ეს, მართალი არ ვიყავით“, არ გამოჩნდება რუსი პოლიტიკოსიც, რომელიც იტყვის: „მოდი, ყველაფერი უწინდელ კალაპოტში დავაბრუნოთ“. ეს შეუძლებელია. როცა ამერიკელები ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებაზე  კონტროლის ანდა შეზღუდვის კონტექსტში გვთავაზობენ 2008 წლის აგვისტომდე არსებული საზღვრების პატივისცემის აუცილებლობის ჩაწერას, ჩვენ ვპასუხობთ, რომ შეუძლიათ არ დაგვეთანხმონ, მაგრამ ეს რუსეთის პრეზიდენტისა და რუსეთს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ლავროვმა.

მინისტრის განმარტებით,  საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის 2008 წლის კონფლიქტმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შემდგომმა განცხადებებმა ისინი მიიყვანა დასკვნამდე, რომ “დამოუკიდებლობის აღიარების გარდა, ხალხების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გადარჩენის სხვა გზა, ჩვენი შეფასებით, არ არსებობდა“.

ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ  რფ-ის ხელისუფლებას მოსწონს ის  პრაგმატიზმი, რომლითაც ივანიშვილის მთავრობა ურთიერთობებს უდგება.