პოლიტიკა
უსუფაშვილი პოლონეთში ქართულ დიასპორას შეხვდა

diasporaსაქართველოს, 11 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სამდღიანი ვიზიტი პოლონეთში საქართველოს საელჩოში  ქართულ დიასპორასთან შეხვედრით დასრულდა.

დიასპორის წარმომადგენლებმა დავით უსუფაშვილს და საპარლამენტო დელეგაციის წევრებს გულთბილი მიღება მოუწყვეს და კმაყოფილება გამოთქვეს ამ შეხვედრის გამართვის გამო. დიასპორის წარმომადგენლები იმ საკითხებსაც შეეხნენ, რომლებიც უცხო ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანია და აღნიშნეს, რომ მიუხედავად საქართველოდან მოშორებით ცხოვრებისა, ისინი მაინც სრულფასოვანი ქართველები არიან და საკუთარ შვილებს და მომავალ თაობებს ქართული ტრადიციების სრული დაცვით ზრდიან.

პოლონეთში მცხოვრები ქართველები სისტემატურად იკრიბებიან საქართველოს საელჩოში და ერთობლივად ატარებენ  ღონისძიებებს. ამასთან ერთად, ვარშავაში ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა და ქართული ცეკვის შემსწავლელი ჯგუფი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ დროისათვის პოლონეთის რესპუბლიკაში სულ 200-მდე ქართული ოჯახი ცხოვრობს.

diaspora-2