საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეთაურს, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალს, ადმირალ ჯეიმს სტავრიდისს შეხვდა.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკის ევროპული სარდლობა, რომელიც არის ძირითადი პასუხისმგებელი საქართველოსთან თანამშრომლობაზე, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის პარტნიორობის განვითარებაში.„მოხარული ვარ, რომ გვაქვს პროდუქტიული თანამშრომლობა და იდგმება კონკრეტული, პრაქტიკული ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის მხარდასაჭერად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ, ჯეიმს სტავრიდისმა ქართველი ჯარისკაცების ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
"მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის, როდესაც ავღანეთში ჩავდივარ და ქართულ დროშას ვხედავ, რომლის ისტორიაც 5000 წელიწადს ითვლის, მე ვიცი, რომ მყავს კარგად მომზადებული და მამაცი ჯარისკაცები, რომლებიც ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად იბრძვიან. ისინი არიან სამშვიდობო მისიის ნაწილი და ეს საქართველოს რეპუტაციისთვის მნიშვენლოვანია", - აღნიშნა ადმირალმა.