საზოგადოება
საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში მესამე პოლიტიკური ძალის გააქტიურების სურვილი აქვს. ამის შესახებ მან ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, არსებობენ პარტიები, რომლებთანაც მან უკვე გამართა შეხვედრები, კერძოდ, იგი სალომე ზურაბიშვილსა და ირმა ინაშვილს შეხვდა."მესამე ძალის სურვილი გამაჩნია და ამას არ ვმალავ. არ დაგიმალავთ და მქონდა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, ირმა ინაშვილთან და ჩემი სურვილი მათაც გადავეცი, რომ მათ აქვთ პარტია და კარგი იქნება, თუ განავითარებენ და გააქტიურდებიან. ნინო ბურჯანაძესაც შევუთვალე, რომ კარგი იქნება, თუ თავის პარტიას გააძლიერებს და გაააქტიურებს", - აღნიშნა პრემიერმა.
თავის მხრივ, ირმა ინაშვილმა განმარტა, რომ მის პარტიაში პრემიერ-მინისტრი გულისხმობდა პოლიტიკურ გაერთიანება “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” და იქვე დასძინა, რომ მოხარულია, რომ „პრემიერი მზად არის, ქვეყანაში იყოს მრავალპარტიული პოლიტიკური სივრცე, რაც დემოკრატიას შეუწყობს ხელს”.