სამართალი
საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. სასამართლოს წესით პრეზიდენტის დაკითხვა კულტურული ფორმაა და თუ ასეთი საჭიროება იქნება, პრეზიდენტი ამას გაგებით უნდა მოეკიდოს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა. „საზოგადოებამ უნდა შეძლოს და გამოიჩინოს მაქსიმალური კულტურა, თუმცა უკულტურობაში არ შედის სასამართლო წესით პრეზიდენტის დაკითხვა. თქვენ იცით ძალიან ბევრი ევროპის ქვეყანა, მოქმედი პრეზიდენტიც დაკითხულა და გადადგომის შემდეგაც ჰქონდა სასამართლოს პრეზიდენტის დაკითხვის უფლება. ასეთი მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს. ჩვენ, საზოგადოებას, არ უნდა გვქონდეს იმის განცდა, რომ რაღაც ახალი ამბოხი გამოვიწვიოთ. სასამართლოს წესით პრეზიდენტის დაკითხვა კულტურული ფორმაა და თუ ამის საჭიროება იქნება, პრეზიდენტი ამ საკითხს გაგებით უნდა მოეკიდოს. ეს მსოფლიო ცივილიზაციის ნორმალური მეთოდია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.