პოლიტიკა
სააკაშვილი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

1-giul-mishaსაქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ თავის თურქ კოლეგას აბდულა გიულ ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში პირისპირ შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობა იყო. შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და სრულად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას. ორი ქვეყნის ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს იმ მნიშვნელოვან პროექტებზე , რომლებსაც საქართველო და თურქეთი ერთობლივად ახორციელებენ.

მხარეებმა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის თაობაზეც ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს ამ მნიშვნელოვანი პროექტის გაგრძელების აუცილებლობა. აბდულა გიული იმ რეფორმებითაც დაინტერესდა, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო და განაცხადა, რომ მათი განხორციელება ახალმა მთავრობამ აუცილებლად უნდა განაგრძოს.

თურქეთის პრეზიდენტმა აღფრთოვანება გამოხატა რაბათის ციხის განახლებულ კომპლექსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქართველ სპეციალისტებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ თურქეთში ქართული ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციაში. თურქ კოლეგასთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილი თურქეთიდან აფხაზეთის მიმართულებით გემების უკანონოდ გადაადგილების პრობლემურ საკითხსაც შეეხო.

მიხეილ სააკაშვილსა და აბდულა გიულს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის შემდეგ ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში სამუშაო სადილიც გაიმართა, რომელსაც ორივე მხარის წარმომადგენლები გაფართოებული შემადგენლობებით დაესწრნენ.

1-giul-misha-2