საზოგადოება
თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებაზე კონტროლი გამკაცრდება

1-alkohol-tambaqoსაქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომელიც მან მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა, თამბაქოს მოწევასა და ალკოჰოლის მიღებაზე კონტროლი გამკაცრდება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ზოგან მოწევა აიკრძალება, ზოგან კი მწეველთათვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა. აკრძალვები, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოდან დაწესდება.

ივანიშვილის თქმით, ყოველ წუთში თამბაქოს გამო 10 ადამიანი იღუპება, საქართველო კი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც სიკვდილიანობას მაღალი არტერიული წნევა იწვევს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე კონტროლის გამკაცრების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ბარებსა და რესტორნებში 13-14 წლის მოზარდების მიერ ალკოჰოლის მიღების შემთხვევები გახშირდა.

„რატომ გადაწყდა დღეს ამ საკითხის დაყენება? მარტის ბოლოს ჩვენ მოვახერხეთ საკონსტიტუციო ცვლილების გატარება და ხალხს დაუბრუნდა უფლება, რომ ხალხის ნებით ფუნქციონირებდეს მთავრობა. პრეზიდენტს ჩამოერთვა უფლებები, რომლებიც ჰქონდა. ქვეყანას აღარ აქვს შიში, რომ პოლიტიკური კრიზისი განვითარდება. ჩამოვყალიბდით, როგორ მთავრობა. 6 თვეა, რაც ქვეყნის სათავეში ვართ და პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის შემდეგ ამ თემით დავინტერესდით“, - განაცხადა პრემიერმა.