სამართალი
პრემიერ-მინისტრის ფინანსებთან დაკავშირებით მთავრობა განცხადებას აქვეყნებს

1-BIDZ-samartali-1საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ფინანსებთან დაკავშირებით პრესრელიზი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისი (საქართველო)

2013 წლის 4 აპრილი

საქართველოს მთავრობისთვის ცნობილია გარკვეული ვარაუდები იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ ერთ-ერთ კომპანიას შორის წარსულში არსებობდა საქმიანი კავშირი. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, განაცხადოს მის საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის შესახებ. ბიძინა ივანიშვილმა არა ერთხელ განაცხადა, რომ გამჭვირვალობის მაქსიმალურად უზრუნველყოფისათვის მტკიცედ დაიცავს კანონის ყველა მოთხოვნას და საჯაროს გახდის საკუთარ ფინანსებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

2011-2012 წლების საანგარიშო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი, როგორც პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი და შემდგომში პრემიერ-მინისტრი, არ ფლობდა არანაირ წილს ზემოაღნიშნულ კომპანიაში. ამდენად, იგი არ იყო ვალდებული, ეს განეცხადებინა დეკლარაციაში. ხოლო, რაც შეეხება მის საკუთრებაში არსებულ ამჟამინდელ აქტივებს, ეს ინფორმაცია კანონის სრული დაცვით გაცხადებული აქვს დეკლარაციაში“.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ აღნიშნული პრესრელიზი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ივანიშვილი ფლობს ოფშორულ კომპანიას Bosherston Overseas Corp. "გარდიანმა" გამოაქვეყნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის კომენტარიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ივანიშვილს ყველაფერი კანონის შესაბამისად ჰქონდა გაკეთებული.