საზოგადოება
ვიოლა ფონ კრამონი: “საჭიროა პრეზიდენტ სააკაშვილზე ზემოქმედების მოხდენა“

1-kramonსაქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. გერმანიის მწვანეთა პარტიის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა საკითხებში ვიოლა ფონ კრამონმა გასულ კვირას საქართველოში სტუმრობის შემდეგ შემდეგი მოსაზრებები გამოთქვა:

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას კიდევ უფრო დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ. აღდგენილია სიტყვის თავისუფლება, ასევე შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. დასრულდა პოლიტიკური ჩარევა საჯარო დაწესებულებების მუშაობაში. ხელისუფლება ეძებს და ხშირად პოულობს კიდეც კომპრომისულ გადაწყვეტილებებს ოპოზიციასთან;

მკვეთრად იკლო ევროსასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობამ. ამასთან, ხელისუფლების მიზანია მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რომელსაც ემსახურება ეუთოს დამკვირვებელთა მოწვევა  ყოფილი თანამდებობის პირების სასამართლო პროცესებზე, რომლებიც მარტში დაიწყო.

სამწუხაროდ, პრეზიდენტი სააკაშვილი უარს აცხადებს ახალ ხელისუფლებასთან პრაგმატულ კოჰაბიტაციაზე. სააკაშვილი აყოვნებს მინისტრების მოადგილეებისა და საელჩოებში საკვანძო თანამდებობების პირთა დანიშვნას, რაც არის საერთაშორისო ასპარეზზე ხელისუფლების საქმიანობისათვის ხელის შეშლის შეგნებული ცდა. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით სააკაშვილი უარს აცხადებს კომპრომისული შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც მიღწეულ იქნა მოსამართლეებთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან დეტალური მოლაპარაკებების შედეგად.

გერმანიის მთავრობამ, ევროკავშირმა და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებმა მეტი ზემოქმედება უნდა მოახდინონ და უბიძგონ პრეზიდენტ სააკაშვილს ახალ ხელისუფლებასთან უფრო პრაგმატული კოჰაბიტაცისაკენ. ძალიან გაჭიანურდა დასავლეთის მხრიდან სააკაშვილის, როგორც დემოკრატიის იმედისა და რეგიონში დასავლეთის გავლენის გარანტის, მხარდაჭერა. დადგა დრო, იგი დაარწმუნონ, რომ მიუღებელია პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და საჭიროა   ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლების პროგრესული ნაბიჯების საბოტირების შეწყვეტა.