საზოგადოება
ოდიშარია: „თურქულ მხარეს ვთხოვთ, რამდენიმე დღით შეაჩერონ სამუშაოები“

1-isxani-mtსაქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. თბილისიდან ანკარაში სპეციალური მიმართვა გაიგზავნა, სადაც საქართველოს კულტურის სამინისტრო, საგარეო უწყებასთან შეთანხმებით, თურქულ მხარეს სთხოვს, იშხანში დაწყებული რესტავრაციის პროცესი დროებით შეაჩეროს. მიზეზად დასახელებულია საფრთხეები, რომლებიც სამონასტრო ტერიტორიაზე მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს შეიძლება მოჰყვეს. სიტუაციის ადგილზე შესასწავლად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ტაო-კლარჯეთში გამგზავრებას აპირებს.

„თურქულ მხარეს ვთხოვთ, რამდენიმე დღით მაინც შეაჩერონ ეს სამუშაოები. ვგეგმავთ გავიგოთ, სინამდვილეში რა და როგორ ხდება, იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი წესი აქვს“, - განმარტა ოდიშარიამ.

როგორც ცნობილია, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში შუა საუკენეებში აგებულ ქართულ სამონასტრო ცენტრში თურქულმა მხარემ სარესტავრაციო სამუშაოები უკვე დაიწყო. გაწმენდით პროცესს არქეოლოგი არ ესწრება, რაც მეთოდოლოგიური შეცდომების დაშვებისა და ისტორიული კვალის დაკარგვის საფრთხეს ქმნის.

თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო უწყებაშიც გაკეთდა. მაია ფანჯიკიძის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, რომ საქართველოში დაცული უნდა იყოს  სხვა ქვეყნების კულტურის ძეგლები, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში მდებარე ქართული კულტურის ძეგლები.

მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, იშხნის პარალელურად თურქული მხარე ოშკის რესტავრაციის დაწყებასაც გეგმავს.

1-iSxani-1 1-iSxani-2