საზოგადოება
საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი იმყოფება. დღეს იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა.
შეხვედრის მიზანი ქართულ მხარესა და ატლანტიკურ საბჭოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა იყო. მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ავღანეთის მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობასა და პოსტ-ISAF-ის პერიოდზე.„ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ჩვენს ოპერაციაზე ავღანეთში, პოსტ-ISAF-ის ოპერაციის დაგეგმვაზე, ასევე, ჩვენს მომავალ ხედვაზე უახლოესი ერთი წლის განმავლობაში და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე, რათა შემდეგ სამიტზე სერიოზული შედეგი იქნეს მიღებული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აგრეთვე, რომ ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელს გავაცანით გეგმები, თუ როგორი რეფორმების გზას დაადგა თავდაცვის სამინისტრო“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები დადებითად შეაფასა: “ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და საქართველო-ნატოს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის საერთაშორისო მისიაში“, - აღნიშნა დეიმონ ვილსონმა.