პუბლიკაციები
გენერალი წითელაშვილი: ყური მოვკარი ფრაზას: „დიდი მსხვერპლი იქნება, მაგრამ არა უშავს - ჩვენსას ხომ მივაღწევთ”… ჩვენი ჯარისკაცების უმეტესობას ზურგში აქვს ნასროლი!

1-analitikaTOPსაქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. საქინფორმის სტუმარია გენერალი ტრისტან წითელაშვილი - აფხაზეთის ომის ვეტერანი,  საბრძოლო  ქვედანაყოფ „ავაზას"  მეთაური, აგვისტოს ომის მონაწილე და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი პოლიტპატიმარი.

- საზოგადოება დღეს ძირითადად წინა ხელისუფლების დანაშაულებებზე ლაპარაკობს. უპირველესი ტერიტორიების დაკარგვაა. იყო ეს უგუნური თუ შეგნებული ქმედება, როდესაც ჩვენი მიწა-წლის 20% და ის კოდორის ხეობაც დავკარგეთ, რომლითაც, ფაქტობრივად, დე იურე  ვფლობდით აფხაზეთს? აფხაზეთში საომარ მოქმედებებში თქვენ  ჯერ კიდევ 1992 წლიდან მონაწილეობდით და 8 აგვისტოს წამოწყებულ პროვოკაციაშიც ქართულ მხარეს იბრძოდით. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ მოვლენებთან დაკავშირებით?

- ცოტა უკან დავიხიოთ. სააკაშვილმა სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის ნგრევა   2004 წლიდან დაიწყო. პირველი დარტყმა ეკლესიას მიაყენა. დაიწყო ხალხის ქუჩაში ჩახოცვა, ვითომ უკანონო  ქონების ჩამორთმევა, დაარტყა ინტელიგენციას - „ჩარეცხილები უწოდა“ მათ, ვისზეც მთელი ჩვენი კულტურული სულიერება იდგა.

ერთი სიტყვით, ხაზი გადაუსვა ყველაფერს, რაც ქართული და ეროვნული  იყო. ეს გუნდი წინასწარ კარგად იყო მომზადებული სპეცსამსახურების მიერ.  ეს არ იყო პოლიტიკური პარტია. ეს იყო „საერთაშორისო ვირუსი“, რომელსაც მთლიანად საქართველო და ქართველი ერი უნდა გაენადგურებინა! დააკვირდით სააკაშვილისა და მისი გარემოცვის აზროვნებას, მეტყველებას და დამოკიდებულებას - გინდ ადამიანების, გინდ ქვეყნის საგანძურის და გინდ ეროვნული აზროვნების მიმართ...

რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს - ეს ბევრად ადრე, 2006 წელს დაიწყო. სადღაც სუფრიდან ნაქეიფარი სააკაშვილი, მერაბიშვილი, თავთუხაშვილი ადგნენ და სააკაშვილის გადაწყვეტილებით (პიარისთვის მოუვიდა თავში აზრად), ცხინვალის მიმართულებით პირველი დაჯგუფება  გადაისროლეს. მოგეხსენებათ, რა დიდი დარტყმები მივიღეთ,  როდესაც ამით 1992 წლიდან არსებული  სამშვიდობო ხელშეკრულება დავარღვიეთ.

- ცნობილია, რომ მსგავსი ხელშეკრულება კოდორთან მიმართებაშიც არსებობდა და  იქ სახელისუფლებო შენაერთები არ უნდა შესულიყვნენ.

- გეთანხმებით, იქ იყო სამშვიდობო ჯგუფები, რომლებიც, ამ  ხელშეკრულების თანახმად, წესრიგს ამყარებდნენ და სიტუაციას ანეიტრალებდნენ - როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. არც ცხინვალის და არც კოდორის მიმართულებით საბრძოლო შენაერთები არ უნდა შესულიყვნენ.  სააკაშვილმა, როგორც  უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან მოვლენილმა მოღალატემ, ამ  ყველაფრის კეთება შეგნებულად,  ეტაპობრივად დაიწყო. სისტემატური პროვოკაციებიც 2006 წელიდან დაიწყო, მოაწყო პროვოკაცია 2006 წელს, 2007 წელს. კერძოდ ცხინვალის მიმართულებით კი ამ პროვოკაციებმა სისტემატური ხასიათი 2007 წლის ბოლოს მიიღო.

- ამ ინფორმაციას საიდან ფლობთ, ბატონო ტრისტან?

- რასაც მე ვამბობ, ეს რეალობაა! იმის დოკუმენტებიც გვაქვს და ფირებიც, თუ როგორ ადიოდა კუდ-ის სპეცრაზმის რამდენიმე ჯგუფი წვერიახოს მთაზე, სადაც კონფლიქტის დაწყებამდე ჩვენი სამშვიდობო კონტინგენტი იყო განლაგებული. ისინი იშლებოდნენ ორ ჯგუფად, ჩადიოდნენ როგორც ოსურ, ისე ქართულ სოფლებში და აწყობდნენ პროვოკაციებს კონფლიქტის გასაღვივებლად - თითქოს ქართულ სოფლებში - ოსური და პირიქით - ოსურში ქართული დაჯგუფება იყო შესული!..  ამ მიმართულებით რამდენიმე საათს მუშაობდნენ. შემდეგ ტოვებდნენ ტერიტორიას და ბრუნდებოდნენ თბილისში. ამ წინასწარ გაღვივებულ  ხელოვნურ  კონფლიქტებს  სააკაშვილი შეგნებულად  ქმნიდა, რათა შემდგომ, ფართომაშტაბიან საბრძოლო მოქმედებებზე გადასულიყო!

ივლისის თვეში (2008 წლის - საქინფორმი) უკვე დაიწყო მომზადება - კერძო ბანკებმა გორში თავიანთი ოფისები დაცალეს. გაჰქონდათ ყველა ფასეული ნივთი. სადღაც 25 ივლისს გორში ჩამოიტანეს 10 000 შავი სპეცტომარა (ცხედრების  მოსათავსებელი - საქინფორმი). ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის და საბრძოლო მოქმედებების ზონიდან მისი გამოყვანისთვის კი არანაირი  მუშობა არ მიმდინარეობდა. არადა, თუ ხელისუფლება საბრძოლო მოქმედებებს იწყებს ან დაწყებას აპირებს, ერთი თვით ადრე, და არა მარტო ბრძოლის ადგილას (მიმდებარე ტერიტორიაზეც, სიღრმეშიც და ზურგშიც) ახლომდებარე სოფლების და ქალაქების  ევაკუაცია ხდება.

- ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შემოჭრით დაიწყო პროვოკაცია, კონფლიქტი და აგრესია. თქვენი მონაყოლიდან კი ჩანს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება - რასაც  სპეცტომრების ჩამოტანის მაგალითიც მოწმობს - იქით ემზადებოდა მსხვერპლისთვის, რაც შემდგომში რუსეთის მხარისთვის უნდა მიეწერა და მიაწერა კიდეც.

-  მოგახსენებთ, ცხინვალის მიმართულებით ქართულმა მხარემ ცეცხლი 2008 წლის 7 აგვისტოს გავხსენით. ამ დროისთვის ცხინვალი აბსოლუტურად დაცლილი იყო.

- რუსეთის ტელევიზია აჩვენებდა  ევაკუაციის ამ კადრებს. მათ იცოდნენ მოსალოდნელი კონფლიქტის შესახებ?

- ოსურმა მხარემ თითქმის ორი კვირით ადრე  გაიყვანა მშვიდობიანი მოსახლეობა ცხინვალიდან. ეს  ბუნებრივია, რადგან  ისეთი ინტენსიური მზადება, მილიტარიზაცია და რიტორიკა მიმდინარეობდა, რომ ამის შესახებ ოსურ მხარესც ეცოდინებოდა.

8 აგვისტოს დილით უკვე ქალაქში ვიყავით. ბაზის ტერიტორიაც და ქალაქიც გვეკავა, მაგრამ თავად ქალაქი ცარიელი იყო. დავიკავეთ რამდენიმე ოსური სოფელი, სადაც არავის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია - ისინი ცარიელი იყო. ვაკონტროლებდით სამაჩაბლოს ტერიტორიის  რაღაც ნაწილს,  რამდენიმე კილომეტრით სიღრმეშიც გადავიწიეთ და ამ ტერიტორიების გაკონტროლებაც დავიწყეთ.

8 აგვისტოს საღამოს ცეცხლის შეწყვეტისა და შეჩერების საერთო ბრძანება მივიღეთ, რამდენადაც სოფლებში, სადაც  შემდგომ გადაადგილება მოვახდინეთ, ჩვეულებრივ რიტმში  აგრძელებდნენ ცხოვრებას - იყვნენ ბავშვები, ქალები, მოხუცები, და არავინ იყო ინფორმირებული ხელისუფლების მხრიდან საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ! როგორც სამხედრო სპეციალისტი, თავიდანვე  შეშფოთებული ვიყავი საერთო მდგომარეობით...

- გინდათ თქვათ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა სახელმწიფოს მხრიდან დაუცველი და არაინფორმირებული დარჩა?!

- საერთოდ, გენერალურ შტაბშიც და თავდაცვის სამინისტროშიც ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა. მაშინაც კი, როცა პატარა სპეცოპერციას ატარებენ, მიმდებარე ტერიტორიების  მოსახლეობისგან დაცლა ხდება. ჩვენ კი ამხელა ფართომასშტაბიანი ოპერაციები დავიწყეთ და არაფერი  კეთდებოდა მოსახლეობის დაცვისა და ინფორმირების  კუთხით.

- ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება თავისი მოსახლეობის შეგნებულ გენოციდზე წავიდა?

- როდესაც ამ სურათს შევხედე, აღვშფოთდი. თანამებრძოლებთან ერთად გამოვიძახეთ თავდაცვის რამდენიმე  ოფიცერი და ჩამოვყალიბდით, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილის მხრიდან შეგნებულად ხდება! ამიტომ ჩვენ, როგორც  სამშობლოს წინაშე ფიცის დამდებმა სამხედრო პირებმა, გადავწყვიტეთ, მიგვეღო ზომები  ხალხის გადასარჩენად. ამისათვის პირველ რიგში წინა ხაზი უნდა გაგვემაგრებინა,ზურგში კი მოსახლეობის ევაკუაციაზე გვეზრუნა.

ამიტომ წამოვედი შტაბში.

- ოფიციალურად თუ განუცხადეთ  ხელმძღვანელობას ამის თაობაზე?

- ოფიციალურადაც განვაცხადე  და მივმართე ყველას, რომ სანამ ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებზე გადავიდოდით, აუცილებელი იყო მოსახლეობის ევაკუაცია. რუსეთის მხრიდანაც უკვე  სამი  გაფრთხილება გვქონდა მიღებული საწყის პოზიციებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში რუსეთი ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერის მიხედვით  იწყებდა მოქმედებას. ხელშეკრულებაში ეწერა, რომ მოწინააღმდეგე  მხარისგან ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, რუსეთის მხარეს სამშვიდობო კონტინგენტთან ერთად დამატებითი სამხედრო ძალის გამოყენების უფლება ეძლეოდა. ბუნებრივია, რუსეთმა ეს გამოიყენა და ხელშეკრულების ჩარჩოში იმოქმედა.

9  აგვისტოს, დილით, რუსეთის ქვედანაყოფებმა გადაადგილება დაიწყეს. ხელისუფლების მიერ ჩამოყვანილი სამხედრო კონტინგენტი კი აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო, მაგრამ მათი გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად მაინც ხომ შეგვეძლო?! ამის სათქმელად  ჩამოვედი შტაბში.

შტაბის ეზოში ცხონებული  გენერალი გუჯა ბუცხრიკიძე დამხვდა, რომელსაც აფხაზეთის ბრძოლებიდან კარგად ვიცნობდი. ვუთხარი ჩემს  ეჭვზე, რომ  დიდი მსხვერპლის მიღების  მიზნით ხელისუფლება  სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობის შეგნებულად  დასატოვებლად ემზადებოდა. ცოცხალი ძალით დახმარება ვთხოვე, თვითონ კი შტაბში ავედი ხელმძღვანელობის სანახავად.

კართან მივედი, სადაც მართვა მიმდინარეობდა.  მოპირდაპირე ღია კარიდან კარგად ისმოდა ლაპარაკი. კარში იდგნენ უგულავა, ბოკერია, გივი თარგამაძე - ეს, ვინც დავინახე. ყური მოვკარი ფრაზას: „ დიდი მსხვერპლი იქნება, მაგრამ  არა უშავს -  ჩვენ ჩვენსას ხომ მივაღწევთ!“. ქართულ მოსახლეობაზე ლაპარაკობდნენ... მივხვდი, რომ შტაბის ხელმძღვანელობის გეგმა ჩემს ეჭვს ემთხვეოდა, რათა მერე ეყვირათ: “ტერიტორიები დავკარგეთ, რუსებმა მოსახლეობა დაგვიხოცეს, არიქა, გვიშველეთ!“.

ამის შემდეგ შტაბში აღარ შევსულვარ, რადგან მივხვდი, რომ იქ რაღაც საშინელი პროვოკაცია იგეგმებოდა! ჩამოვბრუნდი ეზოში და ელგუჯას ვუთხარი: „სასწრაფოდ წავედით აქედან!“. გუჯამ 60 კაცი დამახმარა. მე რამდენიმე რეზერვისტი იქვე შევკრიბე და ამ ძალებით დავიწყეთ მუშაობა მოსახლეობის ევაკუაციისთვის...

ამის პარალელურად დაძრული იყვნენ რუსეთის საბრძოლო ქვედანაყოფები და მიმდინარეობდა ბრძოლები. რუსებთან ერთად პირველ, მეორე, მესამე ეშელონებში მოდიოდნენ როგორც ოსური, ისე ჩეჩნური და ჩრდილოკავკასიური შენაერთები. მიმდინარეობდა ტერიტორიების წმენდა! საშინელი სურათი იყო! შეიქმნა ქაოსი, არაორგანიზებულობა, საცობები, პანიკა. აღარ არსებობდა კავშირი ჯარსა და ხელმძღვანელობას შორის.  „ჰარისის“ სისტემის აპარატურამ, რომელიც ამერიკიდან  ჩამოიტანეს, კავშირგაბმულობა ვერ უზრუნველყო და არ იმუშავა. კომუნიკაციის გაწყვეტამ გამოიწვია ის, რომ ქართული ქვედანაყოფები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს უხსნიდნენ ცეცხლს!

- ინფორმაცია გავრცელდა ჩვენივე მხრიდან მეომრებისა და რეზერვისტების დახოცვაზეც! სანდო წყაროს მოწმობით, მათ  ხელმძღვანელობის დავალებით ესროდნენ ზურგში...

- ზუსტად ასე იყო. ეს შეგნებულად გაკეთდა. აუცილებელია, რომ დაღუპულთა მშობლებმა და ახლობლებმა დააყენონ ცხედრების ექსპერტიზის  საკითხი, რადგან ჩვენი ჯარისკაცების უმეტესობას ზურგში აქვს ნასროლი! რომ არა პატრიარქის თავგანწირულ ნაბიჯი, ჩვენ იმ დახოცილ მეომრებსაც ვერ გამოვიყვანდით, რაც შევძელით. ხელისუფლებას ამ ცხედრების გამოტანაც არ უნდოდა ბრძოლის ველიდან, რადგან ეს უკვე მტკიცებულება იყო! ინფორმაცია მაქვს, რომ ყველა ოჯახს ჩამოუარეს და გააფრთხილეს, რომ როგორც კი ექსპერტიზას ჩაატარებდნენ - მოუკლავდნენ მეორე შვილს და ა.შ., როგორც საერთოდ აკეთებდნენ...

ყველა გადმოსვენებული ცხედარი ექსპერტიზისა და დოკუმენტაციის გარეშეა დასაფლავებული. არავითარი საბუთი არ არსებობს! დღესაც შეიძლება ამ ექსპერტიზის ჩატარება! ვიმეორებ, სააკაშვილს უნდოდა მსხვერპლი როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ისე სამხედრო მოსამსახურეებში, და ეს შესანიშნავად დაგეგმა. ასეთი დავალება, როგორც ორმაგ აგენტს, მას გარედან - სპეცსამსახურებიდან ჰქონდა მიღებული.

დღეს ყველა ერთად უნდა დავდგეთ, გამოვიჩინოთ სიფხიზლე და ამ ადამიანს მის კრიმინალურ გუნდთან ერთად აღარ მივცეთ საშუალება, რომ თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი არზებით ისევ დამოძღვრონ ხალხი. სააკაშვილთან ერთად კრიმინალია უგულავაც, წიკლაურიც, კაკო ბობოხიძეც, ის საყვარელიძეც, რომლის ხელშიც გაირა ამ შეთითხნილმა სისხლის სამართლის საქმეებმა! “ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის უმეტესობა, ლიდერიანად, საბრალდებო სკამებზე უნდა დასხდნენ, იქიდან გასცენ პასუხი ხალხსა და საზოგადოებას - რატომ  ჩაიდინეს ესა თუ ის დანაშაული.  მე ვიქნები ერთ-ერთი მთავარი მოწმე 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების გამოძიების განახლების შემთხვევაში,  თუ როგორ დაიწყო სააკაშვილმა ეს პროვოკაცია და გაწირა იქაური მოსახლეობა!

მიკვირს იქაური მოსახლეობის, რომელსაც, ფაქტობრივად, საკონცენტრაციო ბანაკების მსგავსი საცხოვრებელი  გეტოები შეუქმნა! როგორ უჭერენ მხარს სააკაშვილს, როგორ მიჰყვებიან ბასიშვილს, რომელიც არის კრიმინალი და უნდა გასამართლდეს?! ის დღესაც დადის იქაურ მოსახლეობაში და დაჭერით ემუქრება!

როდესაც 2008 წლის 12 აგვისტოს თბილისში ჩამოვედი, აქ ფაქტობრივად ყველაფერი დასრულებული იყო. სააკაშვილი „გამარჯვებას“ ზეიმობდა... ჩვენ კი ადგილებზე ცხედრების დაბინავებას და პატრონობას ვუნდებოდით... მხოლოდ პატრიარქის ჩარევის შედეგად განეიტრალდა ვითარება და დარჩენილი (ხელისუფლებისგან მიტოვებული) ხალხი გამოგვიყვანეს...

შემდგომ, როგორც სამხედრო სპეციალისტმა, ყველაფრის მიზეზებზე  დავიწყე მუშაობა. ჩემს სპეციალისტ კოლეგებსაც შევხვდი. ვმუშაობდი ჯარის სახეობებთან, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

26 აგვისტოს, საღამოს 9 საათზე,  კუდის სპეცრაზმმა სახლში ჩამიტარა სპეცოპერაცია. მთელი უბანი ალყაში მოაქციეს. ტროლეიბუსების პარკში ამიყვანეს დასახვრეტად, რომ მათთვის სასარგებლო ჩვენება მიმეცა. სასწაულმა გადამარჩინა - ნანგრევებში ლტოლვილების ნაკადი იყო შეფარებული და მათმა ორგანიზებულმა განგაშმა და წივილმა მიშველა!

მეორედ 30 აგვისტოს, ღამის 3 საათზე გამიყვანეს  ვაჟა-ფშაველას ჩიხში და იქაც გამვლელების გამოჩენამ მიშველა. ირაკლი ბათიაშვილზე, გოგა ხაინდრავაზე, ემზარ კვიციანზე უნდა დამედო ხელი, თითქოს მე და ემზარ კვიციანი გორში განაწყენებულ ოფიცრებს ვაგროვებდით, რაშიც ზოგი პოლიტიკური პარტიაც გვიჭერდა მხარს და თითქოს თბილისზე წამოსვლას და ხელისუფლების დამხობას ვაპირებდით. მე უნდა გამოვსულიყავი და ეს ყველაფერი ტელევიზიით მეთქვა. ამის შემდეგ იგეგმებოდა თბილისში მასობრივი სპეცოპერაციის ჩატარება და ყველა ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრება და გასამართლება. ამით ის უკმაყოფილება უნდა გადაეფარათ, რომელიც საზოგადოების მხრიდან უკვე მოდიოდა. რადგან ასეთი ჩვენების მიცემაზე უარი ვთქვი, ნარკოტიკი ჩამიდეს და ნარკოტიკების მოხმარება-გასაღების მუხლით ბოლოს მაინც დამაპატიმრეს...

- ამ ინფორმაციის გამო ხომ  არ წარმოადგენდით ხელისუფლებისთვის საფრთხეს?

- მართალი ბრძანდებით და მე მზად ვარ არა მხოლოდ საქართველოს პროკურატურაში, არამედ, როცა სააკაშვილი  ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარდგება - იქაც დოკუმენტურად დავადასტურო ყველაფერი. მივცე ჩვენება სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელმაც გენოციდი მოუწყო როგორც ქართველ, ისე ოს მშვიდობიან მოსახლეობას! აგვისტოში საბრძოლო მოქმედებების დაწყების  აუცილებლობა არ არსებობდა, იმიტომ რომ ქართველი და ოსი ხალხი დაბალანსებისა და კავშირის გზების გამონახვას თავად ახერხებდა. არც ერთ მტერს ის არ გაუკეთებია საქართველოსთვის, რაც სააკაშვილმა და “ნაცმოძრაობამ“ გაუკეთა. კრიმინალებთან და ქვეყნის მტერთან ყველანაირი კოჰაბიტაცია გამორიცხულია. ეს პოლიტიკური პარტია მხოლოდ ხალხის ტერორზე, დახოცვაზე, ქვეყნის ნგრევაზე იყო ირიენტირებული!

- ხალხში არის განწყობა, რომ მან ვერ მიიღო ის, რისთვისაც იბრძოდა - სამართლიანობის აღდგენა. ა.წ. 14 აპრილის ყრილობის მოთხოვნა სწორედ ესაა. თქვენ ამ ჯგუფის  ერთ-ერთი აქტივისტი ბრძანდებით. რას ელით ამ შეხვედრისგან?

- მიმდინარეობს დიდი მუშაობა და შეხვედრები,  რომ ა.წ. 14 აპრილს, კვირა დღეს, ყრილობა ორგანიზებულად ჩატარდეს. სამართლიანობამ, რომელსაც ელოდა ხალხი, გაიღვიძოს. ჩვენ ამას მივაღწევთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგება, სანამ დასჯილი  არ იქნება ყველა ის დამნაშავე, რომელმაც ამა თუ იმ ფორმით  გააუბედურა ადამიანები!

ხალხმა აირჩია ხელისუფლება და დაკვეთასაც ხალხი იძლევა. დაკვეთა კი სამართლიანობის აღდგენაა! ამას ვამბობთ ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე ვიწვნიეთ ყველაფერი. ვუდებთ ფაქტებსა და დოკუმენტებს მათი ნამოქმედარის შესახებ. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ხალხი ვართ! ხალხი ძალაა და მისი ეს მოთხოვნა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს!  ეს იყო 1 ოქტომბერს არჩევნებში ახალი ხელისუფლების გამარჯვების მიზეზი და არა - კოჰაბიტაცია!..

ამასთან, არავინ უნდა გაიგოს ისე, რომ ეს ყრილობა  ნაციონალების წიქვილზე წყლის დასხმა და ახალი ხელისუფლების  წინააღმდეგ მიმართული აქციაა. ეს არის ხალხის უდიდესი ნაწილის მოთხოვნა!  იმ ხალხის, ვინ ოქტომბერში ხმა სამართლიანობის აღდგენას  მისცა!

ესაუბრა ბაია ამაშუკელი

საქინფორმი

P.S. ამ წუთებში საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ სახალხო ყრილობა სპორტის სასახლეში გადატანილია 14 აპრილიდან ა. წ. 21 აპრილს.