ბაია ამაშუკელი: ხალხში არის განწყობა, რომ მან ვერ მიიღო ის, რისთვისაც იბრძოდა - სამართლიანობის აღდგენა. ა.წ. 14 აპრილის ყრილობის მოთხოვნა სწორედ ესაა. თქვენ ამ ჯგუფის ერთ-ერთი აქტივისტი ბრძანდებით. რას ელით ამ შეხვედრისგან?
ტრისტან წითელაშვილი: მიმდინარეობს დიდი მუშაობა და შეხვედრები, რომ ა.წ. 14 აპრილს, კვირა დღეს, ყრილობა ორგანიზებულად ჩატარდეს. სამართლიანობამ, რომელსაც ელოდა ხალხი, გაიღვიძოს. ჩვენ ამას მივაღწევთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგება, სანამ დასჯილი არ იქნება ყველა ის დამნაშავე, რომელმაც ამა თუ იმ ფორმით გააუბედურა ადამიანები!
ხალხმა აირჩია ხელისუფლება და დაკვეთასაც ხალხი იძლევა. დაკვეთა კი სამართლიანობის აღდგენაა! ამას ვამბობთ ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე ვიწვნიეთ ყველაფერი. ვუდებთ ფაქტებსა და დოკუმენტებს მათი ნამოქმედარის შესახებ. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ხალხი ვართ! ხალხი ძალაა და მისი ეს მოთხოვნა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს! ეს იყო 1 ოქტომბერს არჩევნებში ახალი ხელისუფლების გამარჯვების მიზეზი და არა - კოჰაბიტაცია!..
ამასთან, არავინ უნდა გაიგოს ისე, რომ ეს ყრილობა ნაციონალების წიქვილზე წყლის დასხმა და ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქციაა. ეს არის ხალხის უდიდესი ნაწილის მოთხოვნა! იმ ხალხის, ვინ ოქტომბერში ხმა სიმართლის დადგენას მისცა!