სამართალი
შსს-მ "ფეისბუქის" კონტროლი დაიწყო?

1-facebook-samსაქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ინტერნეტგამოცემა „presa.ge”-ს მიერ გავრცელებული ცნობით, შსს- "ფეისბუქის" მასობრივი კონტროლი დაიწყო. მინისტრის დავალებით, ე.წ. მოდერნიზირებულმა კუდ-მა შეადგინა სპეც-სია, სადაც ივანიშვილის ხელისუფლების ინტერნეტ-მოწინააღმდეგეები შეიყვანეს.

საიტზე გამოქვეყნებული პუბლიკაციების მიხედვით, ივანიშვილის ხელისუფლების "მტრების" სიაში მოხვდნენ როგორც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, ისე ცნობილი სახეები და უბრალოდ, სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები. მოდულის შენობაში კი შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომლის დახმარებით შს სამინისტროს ჰაკერებს საშუალება აქვთ, სხვადასხვა გზით გატეხონ "ობიექტის" "ფეისბუქი" და მათთვის სასურველი ინფორმაცია მოიპოვონ.

სტატიაში ნათქვამია, ასევე, რომ "ფეისბუქის" კონტროლი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით აქტუალური 19 აპრილის მიტინგის დაანონსების შემდეგ გახდა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, შს სამინისტრომ 1 200 ერთეული მოსასმენი აპარატურა, ჯერ კიდევ 5 თვის წინ შეიძინა.

შს სამინისტრო ამ დრომდე ვერ უსმენს “Viber”-ს, რომლით სარგებლობა მხოლოდ სმარტფონებითაა შესაძლებელი. მოსასმენი პროგრამის შექმნაზე მოდულში ამ დრომდე მუშაობენ, მაგრამ, ჯერჯერობით, უშედეგოდ. "Viber" განსაკუთრებით უსაფრთხოა მაშინ, როცა "Wi-Fi"-თ სარგებლობთ.

ბუნებრივია, ინფორმაციას "ფეისბუქის" მომხმარებელთა “შავი სიის” შედგენის შესახებ ოფიციალურად არავინ ადასტურებს. მეტიც, პოლიცია და ივანიშვილის ხელისუფლება ირწმუნებიან, რომ "უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის დრო დასრულდა", - ნათქვამია სტატიაში.

საქინფორმის რედაქციისაგან: საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმის" რედაქცია ყველანაირად მხარს უჭერს შსს-ს მიერ ყველა რჯულის ჰაკერისა და ინტერნეტ-დივერსანტის წინააღმდეგ დაწყებულ ღონისძიებებს, თუ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, სიმართლეს შეესაბამება.