საზოგადოება
სანიკიძეს კაბინეტის კარზე წებოვანი ლენტი აუკრეს

1-gubazi-skochi-2საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს კაბინეტის კარზე წებოვანი ლენტი აუკრეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შალვა კამლაძის განცხადებით, ბოლო სამი კვირაა სანიკიძე მოქალაქეებს აღარ ხვდება და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებს.

“ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს კანონით ეკუთვნის ქალაქის მერიაში მოსვლა და მის სამუშაო ოთახში ქუთაისის მოსახლეობასთან შეხვედრა. გასული სამი კვირის მანძილზე არც ერთ ხუთშაბათს არ ყოფილა აღნიშნული შეხვედრა. მე ვიცი, მოქალაქეები როგორ წუხან და ელოდებიან მაჟორიტართან შევხედრას, მაგრამ ეს არ არის ის სამი კვირა, რომელზეც ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ. რაც ის ქალაქის მაჟორიტარი გახდა, ხშირად ხდება ამ ხუთშაბათი დღეების გაცდენა და მიზეზი, ცხადია, არ ელევა დეპუტატს“, - განაცხადა კამლაძემ.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გელა გაბადაძე განმარტავს, რომ სანიკიძეს მოქალაქეებთან შეხვედრები არ შეუწყვეტია, შალვა კამლაძეს კი “ნაციონალური მოძრაობის“ მოგზავნილს უწოდებს. „ეს არის პროვოკატორი, ანგაჟირებული პიროვნება, სახელი არ ვიცი, ერთი-ორჯერ იყო ჩემთან და ავუხსენი გასაგებად, რომ ამ ხუთშაბათს ვერ შეგხვდება, პარლამენტში სხდომებია-მეთქი. რამდენიმე მოქალაქესაც შეუძლია დაადასტუროს, რომ, რა თქმა უნდა, შეხვდა მათ“, - განაცხადა გაბადაძემ.