პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: „ვადასტურებ, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი უნდა იყოს ლიბერალური“

1-paata-kanoniსაქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. გუშინდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რეინტეგრაციის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ოკუპაციის კანონი, რომელიც პარლამენტმა განიხილა, კი არ უქმდება, არამედ სწორდება ხარვეზები, რომლებიც მისი თქმით, აღნიშნულ კანონში არსებობს. მინისტრის განცხადებით, არ შეიძლება საქართველოს კანონი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს უქმნიდეს ხელოვნურ ბარიერსა და პრობლემებს, ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ კონფლიქტებთან დაკავშირებით უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას.

„ოკუპაციის კანონი რჩება, რჩება სახელწოდებაც, მაგრამ არიან მოქალაქეები, ვისაც არაფერი  აქვს საერთო ოკუპაციასთან და ზარალდებიან ამის გამო. კანონი უნდა იყოს მკაფიოდ მიმართული ოკუპანტების წინააღმდეგ და არა იმ ხალხის მიმართ, ვისაც არაფერი აკავშირებს ოკუპაციასთან. ეს არის  ძირითადად სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც არ იციან, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გადაადგილდებიან და შემდეგ აღმოჩნდებიან ქართულ ციხეებში. მიმაჩნია, რომ ეს არის ზედმეტად მკაცრი ნორმა. ჩვენ არ უარვყოფთ სახელმწიფო საზღვრის დარღვევაზე პასუხისმგებლობას, მაგრამ პირველ ეტაპზე კანონი უნდა იყოს შედარებით ლიბერალური, ვადასტურებ ამას, და უნდა იყოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა. თუ  გაიმეორებს, უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“, - განმარტა მინისტრმა.