საზოგადოება
დიცელებმა ინდოელებს მიწები გადაუსწორეს

1-diciსაქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ცნობით, გუშინ, 4 აპრილს, გორის რაიონის სოფელ დიცის მოსახლეობამ ინდოელებს ვაშლის გაშენებაში ხელი შეუშალა. ინდოელები 140 ჰექტარ მიწის ფართობზე ვაშლის ნერგების დარგვას აპირებდნენ, თუმცა დახნული მიწები ადგილობრივმა მოსახლეებმა გადაასწორეს. შემთხვევის ადგილზე რაიონის ხელმძღვანელობა და პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ.

ტირძნისის შს ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა ადგილობრივი მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ მსგავსი ქმედების გაგრძელების შემთხვევაში მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის 28 ნოემბერს დიცის სარეზერვო მიწის ფართობები შპს ,,მადლის” დირექტორმა ელგუჯა ახობაძემ შეიძინა. 4 დღეში ახობაძემ მიწის ფართობი ინდოელებს მიჰყიდა. ,,მე ეს მიწები შევიძინე კერძო პირისგან, შემდეგ მივყიდე ინდოელებს ყოველგვარი კანონის დაცვით, – განმარტა ახობაძემ.

თავის მხრივ, ინდოელი ინვესტორები ირწმუნებიან, რომ ეს მიწები სრულიად კანონიერად შეიძინეს და ამის დამამტკიცებელი დოკუმენტებიც წარადგინეს. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა პოლიციის უფროსმაც, რომელმაც მოსახლეობას დაშლისკენ მოუწოდა, რითაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. დაშლას არ ვაპირებთ, რას გვიზამთ? მთელ სოფელს დაგვიჭერთ?” – განუცხადეს დიცელებმა პოლიციის უფროსს, რომელმაც მიუგო: თუ დასაჭერები იქნებით, ყველას დაგიჭერთ“.

გორის გამგებელი პაპუნა კობერიძის განცხადებით, სამართლებრივად ამ მიწის მესაკუთრედ ინდოელები ითვლებიან. ,,არსებობს სხვა სამართლებრივი საშუალებები, მოსახლეობას შეუძლია პროკურატურაში შეიტანოს საჩივარი”, – აღნიშნა კობერიძემ.

1-dici-2