ჩიორა თაქთაქიშვილი: „მიდით, დამიქვითეთ ხელფასი!“
საქართველო, 5 აპრილი,
საქინფორმი. გუშინ, 4 აპრილს, პარლამენტის სხდომის გაჭიანურების მიზნით, საპარლამენტო უმცირესობამ პროცედურულ ხრიკს მიმართა. ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ეს ხრიკი რეგისტრაციის ორჯერ არ გავლაში მდგომარეობდა.
"ვადასტურებ, მივმართეთ პროცედურულ ხრიკს და არ გავიარეთ 2-ჯერ რეგისტრაცია იმისთვის, რომ გაგვეჭიანურებინა დღეს პარლამენტის სხდომის დაწყება, რათა პარლამენტმა ვერ მოასწროს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის განხილვა. მომავალშიც გამოვიყენებთ კანონიერი ბრძოლის ყველა მეთოდს იმისთვის, რომ მაქიმალურად ხელი შევუშალოთ ხელისუფლებას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ფეხქვეშ გათელვაში. თუ ეს მაინც არ გამოიღებს შედეგს, ასევე ყველა კანონიერ მეთოდს მივმართავთ, რათა ძვირად დავუჯინოთ ყველა მოღალატეს ასეთი გადაწყვეტილებები. სასაცილოა ამ ფონზე პარლამენტის სხდომის თავმჯდომარის მუქარა ოპოზიციის დეპუტატების მიმართ ხელფასების დაქვითვასთან დაკავშირებით. მიდით, დაგვიქვითეთ! თქვენსავით მილიონები არ მაქვს, მაგრამ მიდით, დამიქვითეთ", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.