პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალურმა მოძრაობამ" უმრავლესობა დაკარგა

1-axali-fraqciaსაქართველო, 4 აპრილი, საქინფორმიქუთაისის საკრებულოს 7-მა წევრმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ საკრებულოს აპარატს უკვე მიმართა. ახალ ფრაქციაში მათთან ერთად სამი დამოუკიდებელი დეპუტატიც გაერთიანდება. “ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრები პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებს უარყოფენ და „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობასაც გამორიცხავენ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის ტარიელ მესხის თქმით, იგი თავის ადგილს „ნაცმოძრაობაში“ ვეღარ ხედავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითად იდეებს დღესაც ვეთანხმები, თუმცა იქ ჩემი როლი და ჩემი ადგილი ვეღარ დავინახე და ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე. ამიტომ გადავწყვიტეთ, სხვა პოლიტიკურ ასპარეზზე გვებრძოლა ჩვენი ამომრჩევლის და ჩვენი ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განმარტა მესხმა.

ქუთაისის საკრებულოს აპარატის უფროსის ვანო ჟორჟოლიანის განცხადებით, საკრებულოს აპარატში უკვე შემოვიდა დეპუტატთა გარკვეული ჯგუფის განცხადება, რომელთაც ახალი ფრაქციის შექმნის სურვილი აქვთ. საკითხის განხილვა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მოხდება.

ქუთაისის 25-კაციან საკრებულოში ამ დრომდე "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას 14 წევრით ინარჩუნებდა. დღეიდან კი აღნიშნულ ფრაქციაში 8 წევრი რჩება.