სამართალი
ახალაია მატროსოვის ციხეში დააბრუნეს

1-matrosoviსაქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაია გუშინ საღამოს სასჯელაღსრულების №9 დაწესებულებაში - მატროსოვის ციხეში დააბრუნეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, იმ ფლიგელში, რომელშიც ახალაია დააბრუნეს, რემონტი აღარ მიმდინარეობს და იქ ყოფნა უსაფრთხოა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ახალაია მატროსოვის ციხიდან გლდანის მერვე დაწესებულებაში 10 მარტს გადაიყვანეს ხსენებულ ციხეში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის მიზეზით. თუმცა ახალაიას ახლობლებმა მისი მატროსოვის ციხეში დაბრუნება მოითხოვეს, რადგან, მათი თქმით, გლდანის ციხეში პატიმრებს ახალაიასთვის ანგარიშის გასწორებს სურდათ. ამასთან, არსებობდა ბუნტის საშიშროებაც.

საქინფორმის ინფორმაციით კი, რომელიც სააგენტოს სანდო წყარომ მიაწოდა, ასეთი საშიშროება არ არსებობდა, თუმცა სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს პირველ დღებში ნამდვილად ჰქონდა ადგილი: თავდაცვის ყოფილ მინისტრს პატიმრები საკნებიდან უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, მაგრამ მისი უსაფრთხოება სრულად იყო დაცული. ამასთან, სწორედ მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 300-ადგილიან ფლიგელში სულ 10 პატიმარი იმყოფებოდა.

21 მარტს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ახალაიას მატროსოვის ციხეში 10 დღეში დააბრუნებდნენ.