საზოგადოება
ქვეყნის მთავარსარდალი სამხედრო აღლუმს აღარ ჩაიბარებს

1-saaka-aglumiსაქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მორიგ სამხედრო აღლუმს არ ჩაიბარებს. თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აღლუმს ამიერიდან “ხალხი ჩაიბარებს“.

"აღლუმს ჩაიბარებს ქართველი ხალხი და ეს ყოველთვის ასე უნდა იყოს. აღლუმებს აქამდე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომ იბარებდა, ეს იყო მცდარი მიდგომა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა და მას უნდა მივცეთ ისეთი ფორმა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ პოზიტიურად  განაწყობს და მართლაც ვიზეიმებთ ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს", - აღნიშნა სესიაშვილმა.

თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მთავრობა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის ემზადება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ ჩაიბარებს აღლუმს. „26 მაისს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი და ლამაზი სანახაობა. რაც მთავარია, ეს 26 მაისი იქნება სრულიად განსხვავებული. იქნება სამხედრო კომპონენტიც", - განაცხადა ალასანიამ.