საზოგადოება
ალასანია ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა

1-alasa-ungretiსაქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა.  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია შეხვედრას გამართავს უნგრელ კოლეგა ჩაბა ჰენდესთან. მხარეები საქართველო-უნგრეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. საუბარი შეეხება, აგრეთვე, ISAF-ის მისიაში მონაწილეობასა და საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობას.

უნგრეთის თავდაცვის უწყებაში ირაკლი ალასანია და ჩაბა ჰენდე ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. თავდაცვის მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ მანფრედ ვორნერის დარბაზში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია უნგრეთის პარლამენტს ესტუმრება და საჰაერო ბაზას მოინახულებს. დაგეგმილია ირაკლი ალასანიას სიტყვით გამოსვლა უნგრეთის ეროვნულ უნივერსიტეტში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი უნგრეთში 5 აპრილს დასრულდება.