პოლიტიკა
33-ე და 42-ე ბატალიონები ავღანეთში მისიის შესრულებას დღეიდან შეუდგებიან

1-batalionebiსაქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების 33-ე და 42-ე ბატალიონები ავღანეთში მისიის შესრულებას დღეიდან შეუდგებიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მომავალი 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

ბატალიონების პირადი შემადგენლობა ამერიკელი და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ბაზა „ლეზერნიკზე“ დასკვნით სწავლებას გადის.

ქართული ბატალიონების როტაციის პროცესი ავღანეთში აქტიურ ფაზაშია. 33-ე და 42-ე ბატალიონები მე-12 და 32-ე ბატალიონებს მომავალი ოთხი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად ჩაენაცვლებიან.

ნატოს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა დანაყოფებმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარეს. ბატალიონის პირადი შემადგენლობა იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც, სადაც სამხედრო წვრთნას აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა.

ცენტრის ექსპერტებმა და ამერიკელ საზღვაო ქვეითთა ტრენერებისა და მრჩეველთა ჯგუფმა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა დადებითად შეაფასეს.