სამართალი
ალასანია: „ახალაიას ბრალდება ტყუილია“

1-alasania-axalaiaსაქართველო, 3 აპრილი, საიქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ გამოეხმაურა ბაჩო ახალაიას მიერ გუშინ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას და მას სიცრუე უწოდა.

“საწყენია, რომ ადამიანები ვერ იაზრებენ და სწორად ვერ აფასებენ საკუთარ შეცდომებს, თუ რის გამო აღმოჩნდნენ ასეთ მდგომარეობაში, და ისევ ძველებური მეთოდებით და ძველებური გზებით – ტყუილებით ცდილობენ გამოძიების თუ ზოგადად საზოგადოების ყურადღება აიცილონ. რა თქმა უნდა, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია და მგონია, რომ ასეთ ტყუილს, კალანდაძე იქნება თუ სხვა, არ დაადასტურებს”, – განაცხადა ალასანიამ და აქვე დასძინა, რომ იგი მაქსიმალურად დისტანცირებულია საგამოძიებო პროცესისგან, რადგან თავდაცვის მინისტრი არ არის გამომძიებელი.

1-axalaia-alasania

მისივე თქმით, უკეთესი იქნება, თუ ყველა საკუთარ ცხოვრებასა და შეცდომებს ჩაუფიქრდება. “რასაც ისინი აკეთებენ, მართლაც არასწორი გზაა. ასეთი წარსულის მქონე ხალხი როდესაც ასეთ რამეს გაბრალებს, არა მგონია, საზოგადოებაშიც კი რაიმე კითხვის ნიშნებს ბადებდეს ჩემ მიმართ. ჩემი აზრით, ეს მათ წინააღმდეგ უფრო იქნება გამოყენებული", - აღნიშნა ალასანიამ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინდელ პროცესზე განაცხადა, თითქოს ირაკლი ალასანიამ გიგი კალანდაძეს პირდაპირ უთხრა, თუ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას მისცემ,  სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სტატუსით იქნებიო.